NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისევ იმეორებს, რომ ალიანსი უკრაინის თავზე ცის დახურავს არ აპირებს, რადგან ეს რუსეთთან სრულმასშტაბიან ომს ნიშნავს.

"მოკავშირეები სხვადასხვა ტიპის დახმარებას აწვდიან უკრაინას, მაგრამ ჩვენ ასევე ნათლად ვთქვით, რომ არ გავაგზავნით NATO-ს ჯარებს მიწაზე და NATO-ს თვითმფრინავებს ჰაერში. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს ამ კონფლიქტის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რაც უფრო მეტ ტანჯავს, ნგრევასა და სიკვდილს გამოიწვევს.

არა-საფრენი ზონის დაწესება ნიშნავს, რომ ჩვენ მასობრივად უნდა დავესხათ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში და მზად ვიყოთ, რომ ჩამოვაგდოთ რუსული თვითმფრინავები. შედეგად NATO-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის რისკი ძალიან მაღალი იქნება", — თქვა მან.

დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება. როგორც წინა დღეებში გახდა ცნობილი, ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდას აპირებს. ამ ეტაპზე ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში NATO-ს 40 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთმა უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი, თუმცა კვლავ არ აღიარებს, რომ ომს აწარმოებს და მას "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში