უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის მოთხოვნას დათანხმდებიან და ნავთობსა და გაზს რუბლით იყიდიან, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას, მეორეთი კი რუსეთს უკრაინელების მკვლელობაში ეხმარებოდე.

"თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას ეხმარებოდე, მეორეთი კი რუსეთს უკრაინელების მოკვლაში. მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებლიანი არჩევანი", — წერს კულება.

7 მარტს პუტინმა არამეგობრული ქვეყნების სიასთან ერთად გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, თავად სახელმწიფოც, შეძლებენ, რომ უცხოელ კრედიტორებს სავალუტო ვალდებულებები რუბლში გადაუხადონ.

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთმა უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი, თუმცა კვლავ არ აღიარებს, რომ ომს აწარმოებს და მას "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში