პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გაუჩინარებას მისი მოუცლელობით ხსნის. მისი თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს" და მინისტრს არ აქვს მედიასთან აქტიურობის დრო. როგორც CNN წერს, პესკოვმა პასუხი არ გასცა კითხვას, სად და როგორ არის სერგეი შოიგუ.

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ბუნებრივია, ახლა არ არის მედია აქტიურობის დრო, ეს სრულიად გასაგებია", — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

CNN-ის კითხვას, შეუძლია თუ არა უარყოს რუსული დამოუკიდებელი საგამოძიებო გამოცემა Agentnstvo-ს ინფორმაცია, რომელიც სამინისტროში ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, რომ შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პესკოვმა არ უპასუხა. ჟურნალისტს კი ურჩია, რომ ამ კითხვით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს.

გამოცემა Agentnstvo წერდა, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.

CNN-ის ინფორმაციით, პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინის წარმომადგენელმა მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა. თუმცა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩუბაისი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში შეჭრას.

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთმა უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი, თუმცა კვლავ არ აღიარებს, რომ ომს აწარმოებს და მას "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში