2-წლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air ჩატარდება. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე თქმით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.

გარდა ამისა, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე უკრაინის თემატიკის პროდუქცია გაიყიდება და შემოსულ თანხასაც იმავე ფონდში გადარიცხავენ. ასევე, შექმნიან დონაციის პლატფორმას, რომლის საშუალებითაც, უკრაინელების დასახმარებლად თანხის გაღება იქნება შესაძლებელი.

"თავისუფლება — სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს, ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ და მამაც ხალხს", — ამბობენ ისინი.

ორგანიზატორების თქმით, დამატებით დეტალებს ფესტივალის დაანონსებისთანავე გაავრცელებენ.

"უკრაინა ამ დიდ ბოროტებასთან ბრძოლაში გაიმარჯვებს. თავისუფლება აუცილებლად იზეიმებს!" — აღნიშნავენ ისინი.