ქართული ოცნების დეპუტატები უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას მიუღებელს და შოკისმომგვრელს უწოდებენ. საუბარია დანილოვის იმ მიმართვაზე, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ფრონტების გახსნა, მათ დაეხმარებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ Facebook-ზე დაწერა, რომ ვინც არ უნდა მოუწოდოს, საქართველო სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ბერაია ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. ის დანილოვს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.

"სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი", — წერს ის.

დანილოვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმაც. მისი თქმით, "ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში".

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კი იმედი გამოთქვა, რომ ეს ყალბი ამბავია. მან ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

"იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს) უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? ეს მართალია?" — წერს ის.

დანილოვის განცხადებას უკრაინსკა პრავდა ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ უცნობია, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ თუ გაიხსნება მე-2 ფრონტები ისეთ ტერიტორიაზე, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია და რომელიც ხელოვნურად, თავადვე შექმნა საკუთარი ნაბიჯებით, მაშინ ეს, აუცილებლად, დაეხმარება უკრაინას.

დანილოვის განცხადება ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოწოდებას არ შეიცავს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე ფრონტები უკრაინას დაეხმარებოდა.

"თუ დნესტრისპირეთი, საქართველო და სხვა ყველა დღეს იქნებოდა დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებით... უფრო მეტიც, პოლონეთმა ჯერ არაოფიციალურად, თუმცა უკვე განაცხადა პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა, რადგან მათ მოუწევდათ სხვა რამეზე გადართვა, გარდა იმისა რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები, სოფლები, მოკლან ჩვენი ბავშვები და ქალები", — ამბობს ის.

ვიდეოში დანილოვმა მიმოიხილა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ სომხეთმა მიმართა რუსეთს, რათა დაეხმაროს ჯარებით, თუმცა მისი თქმით, ეს ჯარები რუსეთმა წინა კვირაში გამოიყვანა იმისათვის, რომ უკრაინაში წაეყვანა. მანვე აღნიშნა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც იაპონიამ განაცხადა კურილიის სადაო კუნძულებზე, რუსეთმა დაიწყო წვრთნები მის მიმდებარედ, მაგრამ ამ ეტაპზე იქ ჯარისკაცების საკმაოდ მცირე კონტინგენტი ჰყავთ, რადგან დიდი ნაწილი უკრაინაშია.