უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ომი რუსეთის მოქალაქეებს კარგს არაფერს მოუტანს, თუ ამას აცნობიერებენ. ამაზე მან რუსული კრიტიკული მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ თქვა. Meduza-ს მთავარმა რედაქტორმა მას ჰკითხა, შეძლებენ თუ არა უკრაინელები და რუსები ურთიერთობების დალაგებას?

"მიუხედავად იმისა, რომ მე პრეზიდენტი ვარ და პრაგმატული ადამიანი უნდა ვიყო, 24 რიცხვის შემდეგ დამოკიდებულება გაუარესდა. გაუარესდა ძალიან მძიმედ. დაკარგულია ემოციური შემადგენელი რუსეთის ფედერაციასთან და ხალხთან ურთიერთობაში. დიახ, ხალხთანაც. მიუხედავად იმისა, მე მესმის გონებით, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას.

მათი მადლიერი ვარ, იმიტომ, რომ ზეპირი სიტყვის გარეშე, სამართლიანი ჟურნალისტიკის გარეშე, რუსი ადამიანის შინაგანი პოტენციალის გარეშე, რომელსაც სურს სამართლიანობა უკრაინაში... და, დიახ, პირველ რიგში, ის იყოს საკუთარი თავისთვის, ეს კი ნიშნავს, რომ ის იქნება უკრაინისთვის ამ კონკრეტულ სიტუაციაში, იმიტომ, რომ ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე არ მოუტანს კარგს არაფერს რუს ადამიანს, თუ ის აცნობიერებს სიტუაციას. დამოკიდებულება გაუუარესდა მთელს მოსახლეობას", — თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, როცა პრეზიდენტობა დააპირა, იცოდა, რომ ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და პროპაგანდის წინააღდეგ ებრძოლა. ზელენსკის განცხადებით, საკუთარი მაგალითით უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რისი შეცვლაც უნდოდა: ქვეყნის, მეზობლებთან ურთიერთობის. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ამ თვეში გლობალური, ისტორიული და კულტურული განხეთქილება მოხდა და ეს, რაც ახლა ხდება, ომზე უარესია.

"ზოგიერთი ადამიანი [ვისთანაც ურთიერთობას ვინარჩუნებ] დარჩა რუსეთში. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ. და მეორეც, არიან ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. წასვლას მაინცდამიანც მხარს არ ვუჭერ, ეს მათი შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღეს. არიან კულტურის, ხელოვნების სფეროს ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება გარკვეული არგუმენტების მოძიება. ვთქვათ, რომ ისინი თავად იპოვიან [არგუმენტებს].

ისინი არიან ერის ის ნაწილი, რომელიც კითხულობს, რომელიც გაერკვევა. მაგრამ დიდი იმედგაცრუებაა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთს სხვადასხვა მიზეზის გამო. არც იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ინფორმაციული [ომი], ტვინის გამორეცხვაა. შეხედეთ, ეს არის, ერთი მხრივ, დიახ. მეორე მხრივ, პროპაგანდა — ესეც გამართლებაა", — აღნიშნა მან.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ გამართლებაა, რადგან შეუძლებელია არ შეამჩნიო სრულმასშტაბინი ომი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება. მისი თქმით, ეს არ არის ერთი მოვლენა და ის უკვე 8 წელია მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ადამიანს აქვს სურვილი, გაიგოს სიმართლე, ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

"ეშმაკმაც დალახვროს! ეს ხომ დიდი ხანია. რვა წელიწადში ადამიანები სკოლას ასრულებენ; შეგიძლია გაიზარდო, მიიღო განათლება, ისწავლო საგანი, გახდე პროფესიონალი ნებისმიერი ფორმით.

მე უბრალოდ ჟურნალისტიკაში წავიდოდი, გამომძიებლი გავხდებოდი. მე თვითონ ვიპოვიდი, ამოვთხრიდი — თუ მართლა მინდა სიმართლე გავიგო, რა ვუყო მას. მაგრამ თუ არ მინდა, მაშინ არ მინდა. ჩემთვის უფრო ადვილია არსებული რეჟიმის შენარჩუნება. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე საშინელი იმედგაცრუება, რომელიც მოხდა. იმედგაცრუება, რომელიც ხალხთა სიძულვილში გადაიზარდა", — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის ინტერვიუ ჰქონდა რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტებთან, რომლებსაც კრემლი დევნის. ინტერვიუს დაანონსების შემდეგ, როსკომანდზორმა წინასწარ მოითხოვა მედიებისგან, რომ ის არ გამოექვეყნებინათ.

ინტერვიუ ჩაწერეს Meduza-ს მთავარმა რედაქტორმა, ივან კოლპაკოვმა, ტელეკომპანია დოჟდის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ, ჟურნალისტმა და მწერალმა, მიხაილ ზიგარმა (მან ასევე დაუსვა ზელენსკის ერთი შეკითხვა Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორისა და ნობელის პრემიის ლაურეატის დიმიტრი მურატოვისგან) და კომერსანტის სპეციალურმა კორესპონდენტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში