სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით წალენჯიხის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიის გუნდის წევრი გელა აბულაძე დააკავეს. პარტიაში დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და აგრძელებს ოპოზიციაზე ზეწოლებს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. ლეციმინტიეს უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია.

მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტია საქართველოსთვის წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ქართული ოცნება ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და აგრძელებს ოპოზიციაზე ზეწოლებს.

"მაშინ როცა, ქვეყანა ამხელა უსაფრთხოების რისკების, ეკონომიკური საფრთხეების წინაშე დგას, საქართველოს ხელისუფლება ამაზე ზრუნვის ნაცვლად, კვლავ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იბრძვის. ოცნება უბრალოდ ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას, ვერ ძლევს ამ შიშს და აგრძელებს ოპოზიციაზე ზეწოლებს.

მაშინ, როცა ხელისუფლება ვერ და არ იცლის იმისთვის რომ გამოიძიოს ჩვენი პარტიის სამეგრელოს რეგიონულ ხელმძღვანელზე მალხაზ თორიასა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი — პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა აბულაძე", — აცხადებს დაუშვილი.

დაუშვილის თქმით, აბულაძესთან ამ დრომდე არ უშვებენ მის ადვოკატს. მისი თქმით, "ოცნება" ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს "პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ." პარტიაში ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა მათი გუნდის წევრი გაათავისუფლონ.