პრეზიდენტს სანგრებში მოხვედრა სურდა. გენერლებითა და მცველებით გარშემორტყმული, ნახევარი საათის განმავლობაში ჩაფხუტით მიდიოდა ტალახში და დაჟინებით მოითხოვდა, სიარული არ შეეწყვიტათ. ჩამოზნექილი ელექტროგადამცემი ხაზისგან მოშორებით მყოფ ჯგუფს რუსული პოზიციების დასაწყისის დანახვა შეეძლო. ისინი იმ სნაიპერებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე იმყოფებოდნენ, რომლებმაც ორი კვირით ადრე სამი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაჩერებაზე უარი თქვა.

"ჩვენი ბიჭები იქ არიან, არა?" — მიმართა მთავარსარდალმა თავის ერთ-ერთ გენერალს, რომელიც ჯგუფს უკან დახევას ურჩევდა, — "ისინი გაიგებენ, რომ ეს მთლიანი გზა გამოვიარე და მათ სანახავად არ მივედი. იმედი გაუცრუვდებათ". შემდეგ ზელენსკიმ წამით ჩემი მიმართულებით გამოიხედა, შეტრიალდა და ბუჩქნარში გზის გაკვალვა განაგრძო.

ფოტო: Neil Jamieson / TIME

ამ ჟესტმა დამაფიქრა: იყო ეს თეატრალური აქტი? ზელენსკის ინტერვიუებისთვის მანამდეც შევხვედროდი. პირველად 2019 წლის გაზაფხულზე უკრაინის პრეზიდენტობისთვის მისი კამპანიის დროს მისივე კომედიური შოუს კულისებში გავესაუბრე. მეორედ — იმავე წლის ზამთარს კიევის საპრეზიდენტო შტაბ-ბინაში, რომელსაც მან ნახევრად ხუმრობით უწოდა მოოქრული ციხესიმაგრე, რომლისგან გაქცევაც სურდა. თუმცა, მისი მოგზაურობა ფრონტის ხაზზე გასულ აპრილში პირველი შემთხვევა იყო, როცა ის თავის სამხედროებთან ერთად ვიხილე — ყოფილ მსახიობს გენერალისიმუსის როლი მოერგო. მაგრამ მისი შესრულება ბოლომდე დამაჯერებელი არ ყოფილა.

თუმცა თავად საფრთხე სრულად რეალური იყო. ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის დროისთვის უკრაინა ხუთ წელზე მეტი ხნის ჩართული იყო რუსეთთან ომში. ფრონტის ხაზებზე ღამით სროლებსა და დაბომბვებს შეწირულთა რიცხვს 13 ათასისთვის მიეღწია. იმ დროს არავინ იცოდა, რომ ომი მალე შეუქცევადად გაუარესდებოდა. თუმცა, ფრონტზე ჩვენი მოგზაურობისას ზელენსკიმ იცოდა, რომ რუსული ჯარები ათიათასობით იკრიბებოდნენ საზღვრის მეორე მხარეს.

"მათ სურთ, რომ გვეშინოდეს", — განმიმარტა მან მოგზაურობის ბოლოს, როცა საპრეზიდენტო თვითმფრინავით კიევში დავბრუნდით, — "მათ სურთ, რომ დასავლეთს ეშინოდეს რუსეთის სიძლიერის და ძალაუფლების. ეს არავისთვისაა საიდუმლო". ზელენსკის გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თუ შიშს გამოხატავდა, რუსეთი ამას სათავისოდ გამოიყენებდა. თუმცა მან ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ შეჭრის საფრთხე აშინებდა. "საშიში ისაა, რომ მათი გეგმები, შეიძლება, არ დასრულდეს საზღვარზე ძალის ჩვენებით", — მითხრა მან, — "შეიძლება, არსებობდეს უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო გეგმა".

ზელენსკი სანგარში აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში. 2021 წლის დეკემბერი.

ფოტო: Ukrainian Presidential Press Office / AP

დაახლოებით 10 თვის შემდეგ, 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთმა ეს გეგმა აამოქმედა. ვლადიმერ პუტინმა თავის ჯარებს უკრაინის "დენაციფიკაცია" უბრძანა. პუტინის მიერ შერჩეული ტერმინი უკრაინის ისტორიაში პირველი ებრაელი პრეზიდენტის გადაყენებასა და მის ნაცვლად რუსეთისადმი ლოიალური რეჟიმის დაყენებას აღნიშნავს. შეჭრამ ზელენსკის განსხვავებული როლის მორგება აიძულა — ისეთის, რომელიც ერთი შეხედვით მის ხასიათს არ შეესაბამებოდა. მისი მეგობრები და მრჩევლები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ზელენსკი მგრძნობიარეა. მას მსახიობის სენი აწუხებს: მოწონების და აღიარების მოთხოვნილება აქვს. "ვცდილობთ, ფეისბუქზე წვდომა შევუზღუდოთ", — ამიხსნა ერთმა მრჩეველმა — რადგან უცნობების კრიტიკულ კომენტარებს მისი დათრგუნვა შეეძლო.

თუმცა, როდესაც რუსულმა ბომბებმა უკრაინის ქალაქებში ცვენა დაიწყეს და ჯარები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, პრეზიდენტმა ტრანსფორმაცია განიცადა. მან ჩვენ თვალწინ გაითავისა იმ დაპირისპირების არსი, რომელში ბრძოლაც დასავლელი მმართველების უმეტესობას დიდი ხანია, დავიწყებული აქვს; ეს ის დაპირისპირებაა, რომელიც ზოგჯერ საჭიროა, რათა ტირანიამ დემოკრატია არ მოკლას. ზელენსკიმ არა მარტო თავისი ხალხი შეკრიბა სამშობლოს დასაცავად და შთააგონა ისინი, რომ რუსული სამხედრო მანქანებისთვის ბენზინის ბომბები ესროლათ და ტანკებისთვის გზა გადაეღობათ, არამედ, ამასთან, მსოფლიო დემოკრატიებსაც უბიძგა ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, როგორიც ომამდე ერთი კვირით ადრეც კი წარმოუდგენელი ჩანდა.

ცვლილება მყისიერი არ ყოფილა. შეჭრიდან ორი დღის შემდეგ, როდესაც დასავლეთის ლიდერები რუსეთის დასასჯელად მისთვის დასაკისრებელი სანქციების პაკეტის შესათანხმებლად შეიკრიბნენ, მათ შორის კვლავ იყო აზრთა სხვადასხვაობა. გერმანიას, უნგრეთსა და იტალიას თავდაპირველად ამ ზომების შესუსტება სურდათ. შემდეგ ზელენსკი მათ შეხვედრას ტელეფონით შეუერთდა. წვერგაუპარსავმა და ფერმკრთალმა, მშვიდად, მაგრამ უდრეკად ამცნო თავისუფალი სამყაროს ლიდერებს: შესაძლო იყო, რომ მას ცოცხალს უკანასკნელად ხედავდნენ. "მტერმა მე მომნიშნა როგორც ნომერ პირველი სამიზნე", — თქვა მან ზარის შემდეგ გაკეთებულ ვიდეოგანცხადებაში — "ჩემი ოჯახი კი სამიზნე ნომერი ორი არის".

მიუხედავად ამისა, ზელენსკიმ თავის დედაქალაქში დარჩენა გადაწყვიტა. ეს იყო გამბედავი ნაბიჯი, რომელმაც უკვე შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა. მან აიძულა აშშ და მისი მოკავშირეები, დაეწესებინათ ისეთი უპრეცედენტო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც გაანადგურა რუბლი და მისი ეკონომიკის დიდი ნაწილი დანარჩენ მსოფლიოს მოსწყვიტა. გერმანიამ გადაწყვიტა, $100 მილიარდზე მეტი გამოეყო თავისი არმიისთვის. ამით მან გვერდი აუარა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პაციფიზმის დაუწერელ კანონს, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო, გერმანიის მოკავშირეებს აღიზიანებდათ. შვეიცარიამ სანქციების მხარდასაჭერად ნეიტრალიტეტის ტრადიცია დაარღვია. ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გაწევრიანების გზაზე დააყენონ, რითაც ათწლეულების განმავლობაში არსებული შიდა წინააღმდეგობა გაარღვიეს.

უმაღლესი რანგის თანაშემწეებთან ერთად 25 თებერვალს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ზელენსკიმ კიევიდან თქვა — "ჩვენ ყველანი აქ ვართ".

ფოტო: Volodymyr Zelensky—AFP / Getty Images

ომის მეექვსე დღეს ზელენსკი ევროპარლამენტში ვიდეოტრანსლაციის საშუალებით სიტყვით გამოვიდა. "დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ", — მოუწოდა მან ევროპის მმართველებს თარჯიმნის მეშვეობით, რომელსაც პრეზიდენტის სიტყვების თარგმნისას გული აუჩუყდა, — "დაგვიმტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ და მაშინ სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე". როგორც ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა, ჩვენ თვალწინ თითქოს ჩარლი ჩაპლინი უინსტონ ჩერჩილად გარდაიქმნა.

ზელენსკი ახლა დღეებს მიწისქვეშეთში, ბუნკერებსა და სარდაფებში ატარებს და დროდადრო ჩნდება ეკრანებზე ერის განწყობის ასამაღლებლად. ის სოციალურ მედიას აქტიურად იყენებს. ერთ-ერთ ვიდეოში მან რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად წაიხემსა — პური შებოლილი ძეხვით, ქაშაყი და ხსნადი ყავა. მის გარშემო მყოფი ადამიანები, ძირითადად, ძველი მეგობრები არიან: ისინი, ვინც მას შოუბიზნესის სამყაროდან მოჰყვებიან, პრეზიდენტად გახდომის დროსაც მის გვერდით იდგნენ და ახლა — ომშიც. "აქ შემთხვევით არავინ მოხვედრილა", — მომწერა ბუნკერიდან მისი შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა ომის მეშვიდე დღეს.

1978 წელს დაბადებული მომავალი პრეზიდენტი მუშათა კლასის ებრაულ ოჯახში გაიზარდა — ქალაქ კრივიი-რიჰში, უკრაინის უდიდესი ფოლადის ქარხნის ჩრდილში. ქვეყნის ამ ნაწილში მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, მისი მშობლებიც სახლში რუსულად საუბრობდნენ. უკრაინაში მყოფი თითქმის ყველა ებრაელის მსგავსად, ოჯახმა მეორე მსოფლიო ომის დროს საშინელი ტანჯვა გამოიარა. ზელენსკის ბაბუამ, რომელიც წითელ არმიაში საარტილერიო ოცეულს მეთაურობდა, ჰოლოკოსტში სამი ძმა და მამა დაკარგა.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზელენსკის მშობლიური ქალაქი, მისი თქმით, "ბანდიტების ქალაქად" იქცა და ეკონომიკამ მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ქუჩას რომ ჩამოშორებოდა, მომავალი პრეზიდენტი 17 წლის ასაკში სკეტჩ-კომედიურ ჯგუფს შეუერთდა და მეგობრებთან ერთად უკრაინაში, მოგვიანებით კი რუსეთში სასცენო გამოსვლები დაიწყო. ჯგუფმა შექმნა საპროდიუსერო კომპანია, Kvartal 95 (რაიონი 95) — ეს იმ უბნის სახელი იყო, სადაც ისინი გაიზარდნენ. "ეს იყო ულმობელი ადგილი. ისეთი, სასოწარკვეთით რომ მოგანდომებს გაქცევას", — იხსენებს ვადიმ პერევერზევი, ზელენსკის ძველი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, — "ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია".

Kvartal 95-ის ოფისები ახლა კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე მაღალი კორპუსის ზედა სამ სართულს იკავებს. ფანჯრებიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება. კედლები კი დაფარულია მათ მიერ შექმნილი ფილმების პლაკატებით — ეს, ძირითადად, რომანტიკული კომედიებია, რომლებშიც მთავარ როლს მომავალი პრეზიდენტი ასრულებს. ზელენსკიმ, ამასთან, ანიმაციური დათვის, პადინგტონის უკრაინული ვერსიაც გაახმოვანა. ის მუშაობდა ცეკვავენ ვარსკვლავების უკრაინულ ვერსიაზეც — როგორც პროდიუსერის როლში, ისე — კონკურსანტის (მას პირველი ადგილი ერგო).

ზელენსკის, როგორც მსახიობის, ყველაზე დიდი წარმატება სიტკომი ხალხის მსახური იყო, რომელიც ეთერში პირველად 2015 წელს გავიდა. შოუ უცნაური წამძღვარებით იწყება: სკოლის ისტორიის მასწავლებელი — რომლის როლსაც ზელენსკი ასრულებს — ერთ-ერთ გაკვეთილზე კორუფციის წინააღმდეგ ემოციური სიტყვით გამოდის. ამას მისი მოსწავლე მობილურით იღებს და ვიდეოს YouTube-ზე ათავსებს. არჩევნების წინა დღეს კლიპი ვირუსულად ვრცელდება, რაც ამომრჩევლებს უბიძგებს, ამორალური ელიტისთვის ჭკუის სასწავლებლად ერის პრეზიდენტად მასწავლებელი დანიშნონ.

ზელენსკი თავისი კომედიური დასის მიერ შესრულებულ სკეტჩს უყურებს. კიევი, 2019 წლის მარტი.

ფოტო: Anastasia Taylor-Lind / TIME

შოუ სენსაციად იქცა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. 2019 წელს სწორედ ამ წარმატებამ გაუხსნა ზელენსკის გზა პოლიტიკაში. ახალი წლის ღამეს YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაძვის ხესთან მდგომმა, უკრაინის უმაღლეს თანამდებობაზე კენჭისყრის განზრახვა გამოაცხადა. ამომრჩევლები მოიხიბლნენ მისი კამპანიით, რომელსაც ძნელად ეთქმოდა ტრადიციული: ზელენსკიმ არ მიიღო მონაწილეობა დებატებში და არ გამოაქვეყნა საარჩევნო პროგრამა. ამის ნაცვლად მან განაგრძო ტურნე თავისი კომედიური შოუთი. ეს იყო ვოდევილისა და პოლიტიკური სატირის ნაზავი, რომელიც დახვეწილი იუმორით ყოველთვის ნამდვილად არ ხასიათდებოდა (ერთ-ერთ სკეტჩში ზელენსკი ებრაულ ხალხურ სიმღერებს ფორტეპიანოზე თითქოს პენისით უკრავს). როდესაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს კიევში შოუს პრემიერა შედგა, ქალაქის უდიდესი საკონცერტო დარბაზი სავსე იყო — მიუხედავად ბილეთების ფასისა, რომელიც უკრაინელთა საშუალო ყოველთვიურ პენსიას უტოლდებოდა. დასის წევრები კულისებში ზეიმობდნენ და იმაზე ხუმრობდნენ, ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში რა თანამდებობებს მიიღებდნენ. "ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი თავდაცვის მინისტრი ვიქნებოდი", — თქვა კომიკოსმა ალექსანდრე პიკალოვმა მას შემდეგ, რაც პლასტმასის ჭიქაში ვისკი ჩაასხა.

შოუს შემდეგ გასახდელ ოთახში დაბრუნებულ ზელენსკის პოლიტიკისა თუ საგარეო საქმეების განხილვა ნაკლებად აინტერესებდა. ამ თემაზე მხოლოდ ეს გვითხრა: "გავერკვევით". მის საპროდიუსერო კომპანიას სწორედ იმ დროს დაესრულებინა ხალხის მსახურის მესამე სეზონი, რომელშიც ზელენსკის პერსონაჟი უკრაინას განადგურებისგან იხსნის. ის Netflix-ზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა, რაც ამომრჩეველს საკმარის დროს აძლევდა, არჩევნებზე წასვლამდე სეზონი სრულად ენახა. "გამორიცხულია, სხვებმა ამას კონკურენცია გაუწიონ", — მითხრა ზელენსკიმ ღიმილით თავის გასახდელში.

ის მართალი აღმოჩნდა. ხმის მიცემის ბოლო ტურში ზელენსკის ამომრჩეველთა თითქმის სამმა მეოთხედმა დაუჭირა მხარი. მისმა კამპანიამ მოიცვა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი — მათ შორის ისეთებიც, რომლებიც რუსეთისკენ იხრებიან. იმ მაისში ზელენსკის ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ — რომელსაც მან თავისი სიტკომის სახელი დაარქვა — პარლამენტში უმრავლესობა მიიღო და გახდა უკრაინის ისტორიაში პირველი, რომელიც როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას აკონტროლებს.

2019 წლის მარტში ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებს ელოდება.

ფოტო: Brendan Hoffman / Getty Images

ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის, პირველი პრიორიტეტი რუსეთთან მშვიდობის დამყარება იყო. თუმცა მას უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან დაბრკოლება შეექმნა: მისი მმართველობის ორი თვის თავზე შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინის დახმარება, რომლის ოდენობა თითქმის $400 მილიონი იყო. მისი უმეტესი ნაწილი ქვეყნის სამხედრო ძალების გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურდა, რომ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მის მიერ გაკეთებული კორუფციის ბრალდებები უკრაინას განემტკიცებინა. ამ მიზნით, ის სამხედრო დახმარებას ბერკეტად იყენებდა. 2019 წლის ივლისში სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ზელენსკის "ხელის გამართვა" და ამ ყალბი ბრალდებების გამოძიების დაანონსება სთხოვა.

შანტაჟის მცდელობამ, რამაც წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის პირველი იმპიჩმენტი გამოიწვია, უკრაინის უცხოელი პარტნიორებისადმი ზელენსკის რწმენა შეარყია. "მე საერთოდ არავის ვენდობი", — თქვა მან, როდესაც იმ წლის დეკემბერში მის ოფისში შევხვდით. რამდენიმე დღის შემდეგ ის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდისთვის პუტინს უნდა შეხვედროდა. მას არ ჰქონდა დიდი მოლოდინები, მაგრამ მზად იყო, უფრო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გაეკეთებინა. მისი თქმით, რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული აღმოსავლეთ რეგიონები უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლედ არ ღირდა. "მე არ შემიძლია მათი გაგზავნა იქ", — მითხრა მან, — "როგორ? რამდენი მათგანი მოკვდება? ასობით ათასი და შემდეგ დაიწყება ყოვლისმომცველი ომი. ყოვლისმომცველი ომი უკრაინაში და შემდეგ მთელ ევროპაში".

პუტინთან მოლაპარაკებები არაფრის მომცემი აღმოჩნდა. რუსეთმა უარი თქვა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის დათმობაზე, ხოლო კიევის მთავრობამ უარი თქვა ამ რეგიონებისთვის ავტონომიის მინიჭებაზე, რასაც მოსკოვი მისგან ითხოვდა. მალევე, როცა COVID-19-ის პანდემია მძვინვარებდა, ზელენსკიმ მყისიერად ვერ უზრუნველყო ვაქცინის მარაგი დასავლელი მოკავშირეებისგან. ის არც პუტინის წინადადებას დათანხმდა უკრაინისთვის რუსული წარმოების ვაქცინების მიწოდების თაობაზე, რასაც კიევი მოსკოვის საინფორმაციო ომის იარაღად თვლიდა. ბევრი ამომრჩეველი განსხვავებულად ფიქრობდა. 2020 წლის ბოლოსთვის ზოგიერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზელენსკის საზოგადოებრივი მხარდაჭერა ერთი წლის წინანდელი 70%-დან 20%-მდე დაეცა.

2019 წლის დეკემბერში ზელენსკი პარიზში ხვდება პუტინს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

ფოტო: Ian Langsdon / AFP / Getty Images

ამის შემდეგ უკრაინის მთავრობამ ყურადღება პოლიტიკურ პაექრობებზე გადაიტანა — ის პრორუს პოლიტიკოსებსა და სხვა შიდა ოპონენტებს დაუპირისპირდა. პირველი მნიშვნელოვანი სამიზნე პუტინის ახლო მეგობარი ვიქტორ მედვედჩუკი იყო, რომელიც უკრაინის პარლამენტის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას თავმჯდომარეობს. სახელმწიფომ მედვედჩუკის ოჯახს აქტივები ჩამოართვა, თავად მას კი მოგვიანებით შინაპატიმრობა მიუსაჯა. ზელენსკის ზოგიერთი უახლოესი მოკავშირეც კი გაოგნებული იყო ამ გადაწყვეტილებით. "ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით", — მითხრა ოქტომბერში დმიტრო რაზუმკოვმა, რომელიც ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიას ხელმძღვანელობდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში ის პარლამენტის სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს.

პუტინი თავისი მეგობრის მედვედჩუკის წინააღმდეგ მიღებულმა მკვეთრმა ზომებმა განარისხა და მას "პოლიტიკური სივრცის აშკარა წმენდა" უწოდა. საპასუხოდ მან უკრაინის საზღვარზე ათასობით რუსი ჯარისკაცი გაგზავნა "მასშტაბური წვრთნების" სერიის ჩასატარებლად, რომელიც თითქმის მთლიანი 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდა. საფრონტო ხაზებთან დაბომბვამ და სნაიპერულმა ცეცხლმა იმატა. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უკრაინის და მსოფლიოს გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო სწრაფი ესკალაცია — თუნდაც ქვეყანაში შეჭრის სახით.

ამ ყველაფრის პარალელურად ზელენსკი სიმშვიდის ჩვენებას ცდილობდა. აპრილის დასაწყისში ფრონტის ხაზზე ჩვენი ვიზიტის დროს, ჯარებთან საუბრისას მან თითქმის ერთი საათი გაატარა სანგრების სისტემაში, რომელსაც მეტსახელად ვიეტნამი უწოდეს — ფილმებში ნანახი ომის ტალახისა და ღვარცოფის გავლენით. გენერალმა რუსლან ხომჩაკმა — უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მთავარმა სარდალმა, პრეზიდენტი მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც ორი კვირით ადრე მისი სამი ჩასაფრებული ჯარისკაცი დაიღუპა. "არ არსებობდა არანაირი ტაქტიკური მიზეზი ამ პოსტზე თავდასხმისთვის", — თქვა ხომჩაკმა, — "მათ, უბრალოდ, ცივსისხლიანად დახვრიტეს ეს ბიჭები".

ჩემდა გასაკვირად, ზელენსკი არ დაჰპირებია მათთვის შურისძიებას. ამის ნაცვლად, მან ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად მართებული იყო ამ ტალახიანი თხრილების დასაცავად ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვა. უკრაინას ეს ტერიტორია ზელენსკის არჩევამდე ერთი წლით ადრე ძალის გამოყენებით ჰქონდა დაბრუნებული. "ზოგისთვის ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ მაგარი ბიჭები ვიყავით", — ამიხსნა მან, სანამ ჯავშანმანქანებისკენ მივდიოდით, — "სხვებისთვის კი ეს ნიშნავდა, რომ მათი შვილები სახლში არ დაბრუნდებოდნენ". პრეზიდენტი არ აპირებდა მსგავს გაცვლებზე წასვლას. მისი თქმით, ჯარისკაცების სიცოცხლე მისთვის უფრო ღირებული იყო, ვიდრე რელიეფის სადაო ნარჩენები.

კრემლში მყოფი მოწინააღმდეგე მის ამ პოზიციას აშკარად არ ეთანხმებოდა. ზამთრის დასაწყისისთვის უკრაინის საზღვრებზე რუსული ჯარისკაცების რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა. იმავე პერიოდში აშშ-ის მთავრობის გაფრთხილებები მეტად ავისმომასწავებელი გახდა. კიევსა და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები და დიპლომატები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ზელენსკის გუნდი, რომ რუსეთის შეჭრა გარდაუვალი იყო. "ისინი ფიქრობენ, რომ ეს 80%-ითაა მოსალოდნელი", — უთხრა საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ზელენსკის, რომელიც ამ ანგარიშებს გასულ შემოდგომაზე იღებდა. მრჩევლის თქმით, ამერიკელებმა თავიანთი ვარაუდი — რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადებოდა — საზღვარზე რუსული ტექნიკის სატელიტური გამოსახულებებით და რუსულ მხარეს წარმოებული კომუნიკაციისთვის ყურის დაგდებით განამტკიცეს.

თუმცა, ზელენსკის და მის ახლო წრეს არ სჯეროდა, რომ შემოჭრა მოახლოებული იყო. უკრაინელმა მესაზღვრეებმა მას უთხრეს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის შანსები არ იყო იმაზე მეტი, ვიდრე 2014 წლის ომის დაწყების შემდეგ. "ეს შავი გედის მოვლენის ილუსტრაცია იყო", — ამბობს იულია მენდელი, ზელენსკის პრესსპიკერი, — "ვერავინ იჯერებდა, რომ ეს მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო".

24 თებერვალს, დილით ადრე, პუტინი და ზელენსკი თავიანთი ქვეყნების ტელევიზიით გამოჩნდნენ, რათა შეჭრის დაწყებამდე ბოლო სიტყვით გამოსულიყვნენ. მათ შორის კონტრასტი შეუძლებელია, უფრო მკვეთრი ყოფილიყო. პუტინის მიმართვა მუქარებით იყო გაჯერებული და უკრაინის წინააღმდეგ მისი პრეტენზიები რეალობას სრულად იყო მოწყვეტილი. მისი თქმით, მან გასცა ბრძანება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩასატარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა მთელი ქვეყნის "დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას". ეს იყო, ფაქტობრივად, სუვერენული ერის მთავრობის ჩამოგდების და დასავლეთის მხრიდან ყველაზე დიდი მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განადგურების დაპირება. პუტინმა ასევე გამაოგნებელი მუქარით მიმართა "გარე ძალებს", რომლებსაც უკრაინის დაცვა შეიძლებოდა გადაეწყვიტათ: "ამას მოჰყვება ისეთ შედეგები, რომელთა წინაშეც თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს მდგარხართ".

ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში არჩია, უშუალოდ რუს ხალხთან ესაუბრა. მან აუხსნა მათ, რომ შეჭრის თავიდან ასარიდებლად იმ დღეს პუტინთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ კრემლმა ის უგულებელყო. შემდეგ მან სცადა, დაპირისპირებოდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიიდან წამოსულ პროპაგანდას. "გეუბნებიან, რომ ეს ცეცხლი უკრაინას თავისუფლებას მოუტანს, მაგრამ უკრაინის ხალხი ისედაც თავისუფალია", — თქვა მან, — "ჩვენზე თავდასხმისას თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეებს და არა — ჩვენს ზურგს".

იმ დილით რუსეთის თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე დაშვებული რაკეტებით დაიწყო. ჯარებმა საზღვრები რამდენიმე მიმართულებით გადმოკვეთეს. ჩრდილოეთიდან ისინი კიევისკენ მიიწევდნენ დედაქალაქის დაპყრობის მიზნით. ზელენსკი საპრეზიდენტო შტაბში თავისი ახლო მრჩევლების გუნდთან ერთად იმყოფებოდა. მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამას "სიცხადის მომენტად" იხსენიებს. "როდესაც აანალიზებ, რომ მიუხედავად შენი მცდელობისა, ყველაზე საშინელი რამ მაინც მოხდა, მაშინ ყველაფერი უკიდურესად მკვეთრი და ნათელი ხდება", — მომწერა მან, — "ჩვენ აქ ვართ, ისინი — იქ. ისინი თავს დაგვესხნენ. ჩვენ თავს ვიცავთ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა".

ამან უკრაინას აშკარა უპირატესობა მისცა საინფორმაციო ომში, სადაც ზელენსკის სასცენო გამოცდილება ძლიერ იარაღად გადაიქცა. როდესაც რუსეთი ავრცელებდა ტყუილს იმის შესახებ, რომ ნეონაცისტები უკრაინაში ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ, ზელენსკი ამას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოებით დაუპირისპირდა, რითაც თავის ხალხს ფილმებიდან კარგად ნაცნობი, თავისი გულწრფელი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმის მოსმენის საშუალება მისცა. ეს აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ ის მათ მახლობლად იყო. იყო კიდეც: ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის შემოთავაზებაზე, გადაეყვანათ პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას. "მე შეიარაღება მჭირდება", — უთხრა მან ამერიკელებს, — "და არა — გასეირნება".

პრეზიდენტმა კიევის ცენტრში მდებარე სამთავრობო შენობიდანაც კი არ დაიხია. მას არც ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ცმია. ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანდა, რომ მას მაისური ეცვა, როდესაც ალყაში მოქცეულ ერს ნაცნობი ოთახებიდან მიმართავდა; ლურჯი ხალიჩებით და მძიმე ჭაღებით გაწყობილი ოთხებიდან, სადაც მე მას და მის თანამშრომლებს მისი პრეზიდენტობის დასაწყისში შევხვდი. უბრალოდ ახლა იატაკები ქვიშის ტომრებით იყო სავსე და ირგვლივ ჯარისკაცები იდგნენ, რომლებიც ახლოს ჩამოვარდნილი რუსული ბომბებისგან დაცვას ნაკლებად უზრუნველყოფდნენ.

25 თებერვალს კიევის პოზნიაკის უბანში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსი.

ფოტო: Maxim Dondyuk

განადგურების ამსახველი კადრები ზელენსკის გუნდამდე მთელი ქვეყნიდან აღწევდა: უამრავი ადამიანი დაიღუპა — მათ შორის ბავშვებიც — როდესაც რუსებმა საცხოვრებელ უბნებზე საარტილერიო იერიშები მიიტანეს. კიევის სატელევიზიო კოშკს ჭურვი მოხვდა. კიდევ ერთი ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე დაეშვა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის ყოველ ცნობას მოჰყვებოდა უკრაინელების მიერ მიწის არდათმობის, რუსული ჯავშანტექნიკის კოლონების განადგურების, ტანკების ხელში ჩაგდების და სამხედრო ტყვეების აყვანის ახალი ამბები. სამხედრო ექსპერტებისთვის მალევე ნათელი გახდა, რომ პუტინმა არასწორად შეაფასა უკრაინელების ნების ძალაც და წინააღმდეგობის გაწევის უნარიც. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, დაზვერვის შეფასებით, რუს ჯარისკაცებს შორის არსებული საბრძოლო სულისკვეთება სულ უფრო ძირს ეცემოდა.

შეჭრის მეოთხე დღეს ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების საწყისი რაუნდისთვის რამდენიმე თანამებრძოლი პუტინის წარმომადგენლებთან გაგზავნა. ისინი შეთანხმდნენ მხოლოდ საუბრის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კრემლს თავის მოთხოვნებზე უარის თქმის შანსი არ უჩვენებია. როდესაც უკრაინას დასავლეთიდან მიეწოდებოდა დახმარება — მათ შორის პორტატიული რაკეტები, რომლებსაც რუსული ტანკებისა და თვითმფრინავების განადგურება შეეძლოთ — პუტინმა თავის გენერლებს უბრძანა, რომ რუსეთის ბირთვული ძალები "საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში" მოეყვანათ.

თებერვლის ბოლო დღეს ზელენსკი სამთავრობო შენობაში კამერის წინ გამოჩნდა, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თხოვნის ოფიციალური განცხადებისთვის ხელი მოეწერა. "ჩვენი მიზანია, ვიყოთ ყველა ევროპელთან ერთად და რაც მთავარია, ვიყოთ თანაბარ პირობებში", — განაცხადა მან, — "დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია". უეცრად, ევროკავშირთან თითქმის ორი ათწლეულის უიმედო მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინას კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იმავე დღეს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ უკრაინა "ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვინდა, რომ ის ევროკავშირში იყოს".

კიევში უკრაინის არმიის მიერ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ნაშთები. 2022 წლის 26 თებერვალი.

ფოტო: Maxim Dondyuk

სრულმასშტაბიანი ომის პირველი კვირის ბოლოს რუსული სამხედრო ტექნიკის 65 კილომეტრის სიგრძის კოლონამ კიევის გარშემო მარყუჟის ფორმირება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ზელენსკის მრჩევლებმა დამარწმუნეს, რომ განწყობა მაღალი იყო. "ჩვენ ყველას გვესმის, რა დევს სასწორზე", — მომწერა ერმაკმა, პრეზიდენტის ოფისის უფროსმა, — "ჩვენი თავისუფლება. ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ უყოყმანოდ, ჩვენი ძალების ლიმიტებს მიღმა". სამხედრო ძალების მეთაურობის გარდა, პრეზიდენტის დღეები სავსე იყო სატელეფონო ზარებით მთელი მსოფლიოდან: იაპონიის, ნორვეგიის, ისრაელისა და ინდოეთის პრემიერმინისტრები, პოლონეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ნიდერლანდების მეფე და დედოფალი, კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, რომის პაპიც კი ზელენსკისთან პირდაპირ კავშირზე იყო.

დახმარების ყოველი ახალი დაპირება, მათ უსაფრთხოებაზე მუდმივი დარდი უკრაინას და მის ლიდერს აგრესიის მსხვერპლის როლზე მაღლა აყენებს. ისინი გახდნენ მაგალითები ისეთი სიმტკიცის, როგორიც გვინდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენც გამოვავლინოთ. შეუძლებელია ასეთი გამბედაობის გაყალბება. და სანამ ყველაზე მეტად არ დაგვჭირდება ის, ვერც გავიგებთ, გვაქვს თუ არა მისთვის საჭირო ძალები. ზელენსკისთვის ეს მომენტი, შეიძლება, 25 თებერვალს დადგა, შეჭრის მეორე ღამეს. ის თავისი ოფისის გარეთ ზამთრის ცივ ჰაერზე გამოვიდა და უახლოესი თანაშემწეების გარემოცვაში ტელეფონით ჩაწერა მარტივი შეტყობინება: "ჩვენ ყველა აქ ვართ".