პარტია მოქალაქეების ლიდერი და პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ირპენში საბრძოლო ოპერაციის დეტალებს იხსენებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ ქართველების ჯგუფი ოთხი დღე წინა ხაზზე იბრძოდა.

"ჯერ გვევალებოდა თვალთვალი. ღამით ბიჭებმა შენიშნეს რუსების ტექნიკის მოძრაობა, გადავეცით კოორდინატები და იუველირულად მომუშავე უკრაინელების არტილერიამ ოთხი ბეემპე დაადუღა რამდენიმე წუთში. გუშინწინ დაიწყო ქალაქის დარჩენილი ნაწილის იერიში. ჩვენი ჯგუფიც ჩაგვრთეს შეტევაში. უჯიშოების "ნეპამიძიმაია არმიამ" ისე მოძუძგა, ვერც დავეწიეთ.

მთლიანად დავიკავეთ ქალაქი. პარალელურ ქუჩაზე შემტევმა ჯგუფმა ააფეთქა ბეემდე, სადაც ცხინვალელი ოსების დროშა ნახეს. გამწარებულმა, გაქცეულმა ფარჩაკებმა მთელი ღამე ისეთი დაბომბვა დაიწყეს, გადაწვეს მთელი ქალაქი, მაგრამ ჩვენ და სხვა ჯგუფებსაც ვერაფერი დაგვაკლეს. მეორე დილით ახალმა ქვედანაყოფმა შეგვცვალა გათოშილები და დაბომბვისგან უძინარები. ამ ვიდეოში ჩვენი ჯგუფის ნაწილის ირპენიდან გამოსვლა გადავიღე", — წერს ის და ვიდეოს აქვეყნებს.

გუშინ, 28 მარტს ელისაშვილმა დაწერა, რომ პირველი საბრძოლო დავალება წარმატებით შეასრულეს. მისი თქმით, ქართველების ჯგუფს "ერთი ნაკაწრი" არ ჰქონდა.

ალეკო ელისაშვილმა 13 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბრძოლველად უკრაინაში ჩავიდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში