2022 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმში, Extraction 2, კიდევ სამი ქართველი მსახიობი გამოჩნდება. IMDb-ის ინფორმაციით, ნეტფლიქსის წარმოებულ პროექტში თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და დათო ბახტაძე მონაწილეობენ. ქეთევანი, ზურაბი და ავთანდილი — თუკი პერსონაჟების სახელებს გავითვალისწინებთ, ისინი სწორედ ქართველ გმირებს ასახიერებენ.

რამდენიმე თვის წინ ასევე შევიტყვეთ, რომ ნეტფლიქსის ფილმში ქართველ ჰალკად წოდებული მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, იღებს მონაწილეობას. საგინაშვილმა იუთუბგადაცემაში სტუმრობისას დააანონსა, რომ გადაღებებისთვის პრაღაში უწევდა გამგზავრება.

აღსანიშნავია, რომ დათო ბახტაძისთვის ჰოლივუდური ბლოკბასტერი უცხო არ არის — მსახიობმა რამდენიმე წლის წინ ბენ-ჰურის ახალ ეკრანიზაციაში ითამაშა.

რაც შეეხება Extraction-ს, მისი პირველი ფილმი 2020 წელს გამოვიდა და 99 მილიონზე მეტი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ყურებადი ორიგინალური ნამუშევარი გახდა. ენდი პარკსის გრაფიკულ რომანზე დაფუძნებულ კინოსურათში, რომლის რეჟისორიც სემ ჰარგრეივია, მთავარ როლს კრის ჰემსვორთი ასრულებს. იგი ასევე მონაწილეობს ფილმის მეორე ნაწილში.