მიმდიანრე წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 14,6%-ით გაიზარდა — ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას საქსტატი აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი 54,5%-ით, ხოლო იმპორტი 47,2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49,3%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის თებერვალში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 6,9%-ით, 4 155-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 27,3%-ით 8,9 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ იანვარში წლიური ინფლაცია 13,7%-იყო. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.