საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაციის ფონზე, ყოვლად მიუღებელია საუბარი ნებისმიერ "რეფერენდუმზე". მისი თქმით, არანაირ "რეფერენდუმს" არ ექნება იურიდიული ძალა მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად.

"რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში,როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია, შესაბამისად ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება", — თქვა მან.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელ მძიმე სიტუაციაში, კვლავ ისმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის.

"მიუხედავად იმისა,რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები,რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს,რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, იმ რაც გამოაცხადა ჩვემა ხელისუფლებამ, პოლიტიკის რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ,რომ არ გაოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება,რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს", — განაცხადა ზალკალიანმა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.

ე.წ. სახელმწიფო სააგენტო რესზე გამოქვეყნდა პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. პარლამენტის სპიკერის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება და რუსეთთან შეერთებაზე ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს. მისივე განცხადებით, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთს შეუერთდეს.

ამავე თემაზე: