ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვაზე, სცადეს თუ არა უკრაინის ხელისუფლებასთან კონსულტაციებზე ელჩის გაწვევის შემდეგ "ურთიერთობების გარკვევა", ამბობს, რომ რთული ვითარებაა, რადგან საქართველოში "რადიკალურ ოპოზიციაში" მყოფი ადამიანები უკრაინაში ხელისუფლებაში არიან.

კობახიძე დასძენს, რომ ისინი ხელისუფლებაში დღემდე რჩებიან და ვითარების რადიკალურად შეცვლის ვერავითარ რესურსს ვერ ხედავს.

"არის ასეთი უნიკალური, ძალიან ცუდი და რთული მოცემულობა. იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ლიდერი საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ის არის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ასევე, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, თან, გამორჩეული ადამიანები თავიანთი კრიმინალური წარსულით", — აცხადებს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კობახიძე ფიქრობს, რომ უკრაინაში სააკაშვილის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ელჩის გაწვევა. კითხვაზე, ამ წლების მანძილზე ჰქონიათ თუ არა უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მცდელობა, "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მცდელობები იყო, თუმცა საპასუხო ნაბიჯები უკრაინას არ გადმოუდგამს.

"ეს ვითარება გვაქვს, წლებია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაერთი ნაბიჯი გვაქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადადგმული, მეგობრული ურთიერთობებიც კი იყო ჩამოყალიბებული უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის და ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა, თუმცა, იქითა მხრიდან არ იდგმებოდა არავითარი ნაბიჯი და აქ გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ლოგიკური ეჭვები, რომ კოორდინაციას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი", — თქვა მან.

ჟურნალისტმა მას, ასევე, ჰკითხა, თუ რა ახსნას უძებნის ამ ადამიანების უკრაინის ხელისუფლებაში ყოფნას, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ვერსიები აქვთ, თუმცა ქვეყანა ახლა ომის მდგომარეობაშია და ამაზე საჯაროდ საუბარი "გარკვეულ უხერხულობებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული".

"არის რაღაცები, რაზეც გვაქვს ვარაუდები, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი არ ივარგებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის ომის მდგომარეობაში. ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, არა მარტო, უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გაუმჯობესებაში, არამედ ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინის ხელისუფლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს მოფრთხილება არის ცალმხრივი წლების განმავლობაში", — თქვა მან.

გუშინ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ. მანამდე, ერთი თვის წინ მან იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია.