"ნაცისტ ბებიად" ცნობილ 93 წლის გერმანელ ქალს, ურსულა ჰაფერბეკს, აუშვიცის სიკვდილის ბანაკში მილიონზე მეტი პატიმრის დახოცვის ფაქტის უარყოფის გამო ბერლინის სასამართლომ 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ წინათ 2017 და 2020 წლებში ბრალდებული ჰაფერბეკის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

"თქვენ ჰოლოკოსტის მკვლევარი კი არა, მისი უარმყოფელი ხართ", — განუცხადა ქალს მოსამართლემ, — "და ცოდნას კი არა, საწამლავს ავრცელებთ".

ჰაფერბეკს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჯერ კიდევ 2017 წელს მიესაჯა, როცა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები რამდენჯერმე უარყო.

მოგვიანებით, 2020 წელს, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჰოლოკოსტის უარმყოფელი განცხადებების გამო მას ასევე მიესაჯა 12-თვიანი პატიმრობა.

სასამართლოს თქმით, ჰაფერბეკის ქმედებები მისი შეხედულებებითაა განპირობებული, რის საპასუხოდაც მისი დაპატიმრების გარდა სხვა არჩევანი არ არსებობდა.

"არაფერი არსებობს, რაც თქვენ შეგაჩერებთ", — უთხრა მოსამართლემ ჰაფერბეკს, — "სიტყვით თქვენთან ვერაფერს გავხდებით".

ფოტო: Bernd Thissen / dpa / AP file

ჰაფერბეკის მტკიცებით, "ისტორიულად დადასტურებული არაა", რომ აუშვიცი სიკვდილის ბანაკი იყო — მისი თქმით, ეს შრომის ბანაკი იყო. თუმცა, სწორედ ისტორიული ფაქტებით დასტურდება, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ნაცისტების მოწყობილმა ყველაზე დიდმა საკონცენტრაციო ბანაკმა 1,1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბანაკის მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი, დაახლოებით, 90 პროცენტი, ებრაელი იყო.

გერმანულ მედიაში "ნაცისტ ბებიად" წოდებულ ჰაფერბეკზე ადრეც არაერთხელ დაწყებულა სასამართლო დევნა. 2018 წელს ქალაქ ბილეფელდის საპატიმროში მან ორწელიწადნახევარი გაატარა. ჰაფერბეკი ასევე ხელმძღვანელობდა ულტრამემარჯვენე სასწავლო ცენტრს, რომელიც 2008 წელს ნაცისტური პროპაგანდის გავრცელების გამო დაიხურა. მან ტელევიზიით აგრეთვე განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი "ისტორიაში უდიდესი და ყველაზე გამართლებული ტყუილია". მისი განცხადებების გამო ბევრჯერ დაუჯარიმებიათ კიდეც. ჰაფერბეკის ადვოკატებმა ამჯერადაც ითხოვეს სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება, თუმცა, სასამართლომ თხოვნა არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.