პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში უკრაინა "დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა" და დასძენს, რომ ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინაა.

"სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის", — თქვა მან.

ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა, ამასთან, საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის ქვეყანა ყურადღებასა და ზრუნვას იჩენს.

"ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი", — ამბობს ღარიბაშვილი.