ოსკარის რიგით 94-ზე დაჯილდოებაზე კრის როკისთვის სახეში გარტყმის შემდეგ უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა. ამ ინციდენტის მიზეზი ის იყო, რომ კრის როკმა ოსკარის ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა. პასუხად კი ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა, კრის როკს სახეში გაარტყა.

"მე კინოაკადემიის ნდობას ვუღალატე და ჩემი საქციელის გამო ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვარ. ჩემი ქმედება ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებაზე შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო. იმ ადამიანების სია, რომლებსაც ამ ქმედებით ზიანი მივაყენე, საკმაოდ გრძელია. კრისის, მისი ოჯახის, ჩემი ძვირფასი მეგობრების, საყვარელი ადამიანებისა და დაჯილდოების მაყურებლის მიმართ დანაშაული ჩავიდინე", — განაცხადა სმიტმა.

ფოტო: Getty Images

უილ სმიტმა ბოდიში მოუხადა ოსკარის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, რადგან მისი აზრით, ამ ადამიანებს თავიანთი წარმატების აღნიშვნაში ხელი შეუშალა და აღნიშნა, რომ გული ძალიან წყდება. "მე ვტოვებ კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას და მზად ვარ იმ შედეგებისთვის, რომლებსაც საბჭო დაადგენს. ცვლილებებს დრო სჭირდება და მე მზად ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა ძალადობამ გონებაზე აღარასდროს გაიმარჯვოს", — განაცხადა უილ სმიტმა.

"ჩვენ მივიღეთ და უკვე დავთანხმდით უილ სმიტის მოთხოვნას კინოაკადემიის დატოვების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ უილ სმიტის მიერ ქცევის სტანდარტების დარღვევის განხილვას, რის შესახებაც 18 აპრილს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ", — ვკითხულობთ კინოაკადემიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უილ სმიტმა კრის როკს ბოდიში უკვე მოუხადა, ხოლო კრის როკმა უილ სმიტის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, კინოაკადემიის მმართველთა საბჭომ სმიტის წინააღმდეგ ქცევის სტანდარტების დარღვევის გამო სამართალწარმოება დაიწყო. უილ სმიტს, რომელმაც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაარღვია, აკადემიამ სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება დაუწესოს, რაც 18 აპრილს გახდება ცნობილი.