ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ომით უკრაინა "დაისაჯა" ამართლებს. მისი თქმით, ამ ფრაზას ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა.

"უკრაინის მიერ მიღებული ზიანი სამწუხაროდ უმძიმესია, უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რა თქმა უნდა, ის რაც ხორციელდება რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და შეიძლება იყოს უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე, რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს", — თქვა მან.

კობახიძე ამბობს, რომ მათი "ამოცანაა" საქართველოს ისეთი მძიმე მდგომარეობა აარიდონ, როგორიც უკრაინაშია.

"ძალიან რთულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს, და თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით ზიანი, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო, თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა NATO-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, წარმოდგინეთ, რუსეთის მიმართ. ეს არის, რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგომარეობა, შესაბამისად, სახეზეა ის მოცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას", — ამბობს კობახიძე.

გუშინ, 3 აპრილს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში უკრაინა "დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა" და დასძინა, რომ ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინაა.