5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულთა ნაწილს პატიმრობა შეეფარდა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, სხვადასხვა ეპიზოდზე ბრალდებულებს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 წლითა და 3 თვით და 3 წლით.

ფორმულას ფოტოგრაფის, ვახო ქარელის ინტერესების მცველი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას და 118-ე ნაწილში დამნაშავედ ცნო ის პირები, რომლებსც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი ვახტანგ ქარელის მიმართ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", — განაცხადა მან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ პირს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოცემა წერს, რომ მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, თუმცა საქმეზე მხოლოდ გიორგი კახიანი იყო დაკავებული.

ტაბულას ინფორმაციით, ძალადობრივი დაჯგუფების წევრს, რომელმაც მათ ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას თავსა და ზურგში კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა, 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი სასჯელის ვადას გამოაკლდება საპატიმროში გატარებული პერიოდი.

რამდენიმე წუთში გამოცხადდება განაჩენი ლექსო ლაშაქარავას საქმეზე.