ფინანსთა სამინისტრო უარყოფს უკრაინის ბრალდებას რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე და აცხადებს, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. სამინისტროს თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

"ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას", — აცხადებს სამინისტრო.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, რომ არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში. დაზვერვაში აცხადებენ, რომ დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი, აღმოსავლეთ აზია. მათივე თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

გაიგე მეტი: