ამ თვეში SpaceX-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ტურისტები მიჰყავს, ამ დროს კი ისინი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის ნაწილადაც იქცევიან. მისია Axiom-ის, ანუ AX-1-ის ფარგლებში სპეციალური ჩაფხუტის მეშვეობით, მათ ტვინის აქტივობას ჩაიწერენ, რაც მეცნიერებს ადამიანის ტვინზე კოსმოსური მოგზაურობის გავლენის შესწავლაში დაეხმარება.

ექსპერიმენტი ისრაელურმა სტარტაპმა, სახელად brain.space შეიმუშავა. მათ მიერ შექმნილი ჩაფხუტი ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრამის (EEG) დახმარებით გაზომავს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მიღებული მონაცემების დამუშავება მანქანური დასწავლის დახმარებით მოხდება.

კომპანიას სურს, მეტი გაგვაგებინოს კოსმოსში მოგზაურობისას ადამიანის სხვადასხვა ქცევის, განწყობის, ტვინის შემეცნებითი დატვირთვის ან დაღლილობის შესახებ. ჩაფხუტი შეისწავლის ტვინის ქსოვილებში არსებულ "ყოველდღიურ პლასტიკურ ცვლილებებს", რათა გამოავლინოს ის, თუ როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია ორგანოს სტრუქტურაზე.

ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა კოსმოსში ადამიანის ტვინის აქტივობას შეისწავლიან. თუმცა, brain.space-ის მტკიცებით, ის პირველი კომპანიაა, რომელმაც "მაღალი სიმკვრივის EEG სისტემები" გამოიყენა. ანუ ისეთი სისტემები, რომელიც არ საჭიროებს ერთგვარი წებოვანი პადებით მოწყობილობის თავზე მიმაგრებას.

AX-1 მისიაში 4 ტურისტი მონაწილეობს. მათგან სამი დღეში ორჯერ, 15 წუთით დაიხურავს ამ ჩაფხუტს მანამ, სანამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იქნება. მათ სპეციალური ვიზუალური სავარჯიშოების შესრულებაც დაევალებათ, რათა ტვინის სტიმულირება მოხდეს და აქტივობის დინამიკაზე დაკვირვება უფრო კარგად მოხერხდეს.

რა თქმა უნდა, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რამდენად ღირებულ და ახალ ცოდნას მოგვიტანს ეს ექსპერიმენტი. თუმცა, ერთი რამ ცხადია — 2021 წლის ზაფხულში, კოსმოსში რამდენიმე წუთით გასული რიჩარდ ბრენსონისა და ჯეფ ბეზოსის გუნდისგან განსხვავებით, ISS-სკენ გეზაღებულ ტურისტებს სამეცნიერო მისია მაინც ექნებათ. დაგვეთანხმებით, რომ მსგავს ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერი ადამიანისთვის ამაღელვებელი გამოცდილება უნდა იყოს.