ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონტრაბანდაზე უკრაინის განცხადება ალოგიკურია. ის ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

"ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ასევე უახლოეს წარსულში. მათ შორის, იგივე ელჩის გაწვევის სახით და ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით — ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები.

ასეთ ვითარებაში ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლიტურად ლოგიკური და ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესებს", — ამბობს კობახიძე.

თუმცა აქვე ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის განცხადება არის აბსურდი და წითელი ხაზის გადაკვეთა. მისი თქმით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დემარში, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.

"ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ ერთი მარტივის მიზეზის გამო — ეს ხელისუფლება არის დღეს ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაცა დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ", — აცხადებს ის.

კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ამ ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შესაძლებელია, იმსჯელონ ყველაფერზე. ის ამბობს იმასაც, რომ უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ ინფორმაციის დადასტურება, არ დადასტურება.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, რომ არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში. დაზვერვაში აცხადებენ, რომ დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი, აღმოსავლეთ აზია. მათივე თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

გაიგე მეტი: