სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

როგორც ჩხვიმიანის ინტერესების დამცველი, GDI აცხადებს, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით წულუკიანმა კონკურსი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა და ხელმძღვანელად იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის გაუქმებამდე მხოლოდ ერთი კანდიდატი, თავად ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა.

GDI-ის თქმით, ჩხვიმიანის საქმიანობა არაერთხელ მოხვედრილა ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში. ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის თავდაპირველი უკმაყოფილება გამოიწვია 2018 წლის 9 ოქტომბერს დადგმულმა სპექტაკლმა "ხალხის მტერი", რომელშიც მწვავე პოლიტიკური საკითხები იყო გაჟღერებული, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა ქალაქის მაშინდელი მერი.

"აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სპექტაკლის შემდეგ დმანისის თეატრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებას (ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების კუთხით) ვეღარ იღებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის სპექტაკლით გამოწვეული უკმაყოფილება დაადასტურა სამინისტროთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭოს წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, და მიუთითა ხელისუფლებასთან "ურთიერთობის დალაგების" აუცილებლობაზე", — აცხადებს GDI.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლაშა ჩხვიმიანი განსხვავებული შეხედულებების ღიად გაჟღერების გამო წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. მათი თქმით, ჩხვიმიანის მიმართ არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის არანაირი ობიექტური გამართლება და ის არ არის მიმართული რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არამედ, მინისტრის გადაწყვეტილების ერთადერთ თვითმიზანს წარმოადგენს კრიტიკული შეხედულებების ჩახშობა თეატრებში და კულტურის სფეროში ცენზურის დაწესება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია.

On.ge დამატებითი ინფორმაციის გარკვევას კულტურის სამინისტროში ცდილობს.