ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ მოგონილი ნოუ ჰაუა. მისი თქმით, "კატეგორიულად მოითხოვენ" უკრაინამ წარმოადგინოს რაიმე სახის მტკიცებულება.

"მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტიისა და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან. მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი.

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება, საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ. ან საჯაროდ იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადება", — ამბობს ის.

კულებას განცხადებით, საქართველომ დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს რუსეთს კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: