ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მის განცხადებას "მიზანმიმართულად, კონტექტიდანაა ამოგლეჯილი" და ნაციონალური მოძრაობისა და "პარტიული ტელევიზიების ბინძური ცილისწამების კამპანიაზე" საუბრობს.

"ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. დღეს ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ნაც.მოძრაობის პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაც.მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ.

ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონდე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვის არ უნდა იყოს მისაღები. ჩემი ეს ნათქვამი, მიზანმიმართულას, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი", — წერს ის.

"რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება, როგორც გამოვიყურებით საერთაშორისო პარტნიორებთან", — ჰკითხა ოხანაშვილს ჟურნალისტმა მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან ზელენსკიმ 19 ქვეყნის პარლამენტს მიმართა, ხოლო საქართველოში "უარი ეთქვა". ოხანაშვილის თქმით, საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, რის შემდეგაც მან ენმ-ს "შუამავლობაზე" ისაუბრა.

"კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან, რაც არამგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყო, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში", — თქვა მან.