ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს "ძებნილთა კორპუსი" გახადა ხელისუფლების ნაწილი. მისი თქმით, უკრაინამ არ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, ან ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ეს არის ის ზღვარი და ის წითელი ხაზი, ჩემი აზრით, რომლის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლებამ, ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება ან უნდა მოიხადოს ბოდიში და განმარტოს, რატომ გაავრცელა ასეთი პროვოკაციული ინფორმაცია. [...]

თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ეს მეგობრული ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის და ის ურთიერთობები, რომლებიც ხელისუფლებებს შორის არსებობდა ტრადიციულად უკრაინის და საქართველოს და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი. ახლა თუ ისინი გავლენას ახდენენ მათ, ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე ეს მათი პრობლემაა, ეს ჩვენი პრობლემა აღარ არის. თავის პრობლემას თვითონვე უნდა გასცენ პასუხი", — ამბობს დავითულიანი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს რუსეთს კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: