უკრაინაში მიმდინარე ომისა და ცივილიზებული სამყაროს მხრიდან რუსეთის სრული იზოლაციის ფონზე, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი აგრესორ ქვეყანაში ჩავიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიას თავად არ გაუვრცელებია და ცნობილი რუსეთის ფედერაციის საბჭოს 4 აპრილის განცხადებიდან გახდა. ალიანსის პროკრემლისტური ხედვებიდან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა — ამჯერად რა უნდოდათ "პატრიოტებს" რუსეთში?

"საუბრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები", — გვამცნობს რუსული საბჭო და იქვე საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებას ურთავს, რომელშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ამტკიცებს, თითქოს რუსეთი ჩვენი მეგობარია.

"ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა" — ამბობს ის.

პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში — შეხვედრა ფედერაციის საბჭოს წევრებთან

პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში — შეხვედრა ფედერაციის საბჭოს წევრებთან

ფოტო: რუსეთის ფედერაციის საბჭო

კიდევ ერთი ტყუილი ამ განცხადებაში თარხან-მოურავის სტატუსია, აქ აღნიშნულია, რომ პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელია და მითითებული არ არის, რომ ამჟამად პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არაა, მათი სიით შესულმა დეპუტატებმა კი სხვა პარტია შექმნეს.

საბჭოს ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავმა მათ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია. მათივე თქმით, პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის "ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების" შესახებ. საბჭო წერს იმასაც, რომ შეხვედრის შემდეგ დიალოგის გაგრძელება გადაწყდა.

პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში — შეხვედრა ფედერაციის საბჭოს წევრებთან

პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში — შეხვედრა ფედერაციის საბჭოს წევრებთან

ფოტო: რუსეთის ფედერაციის საბჭო

პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში — შეხვედრა ფედერაციის საბჭოს წევრებთან

პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში — შეხვედრა ფედერაციის საბჭოს წევრებთან

ფოტო: რუსეთის ფედერაციის საბჭო

მითების დეტექტორის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები ვიზიტს ორგანიზაცია "რუსეთის ჯავახკური დიასპორის" პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად მართავენ. არაბიანის პოსტის მიხედვით, შეხვედრის მიზანი იყო:

  • რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება;
  • რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა;
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.

არაბიანი არამხოლოდ რუსულ პოლიტიკასთან, არამედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან დაკავშირებული პირია. გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და აქტიურად უჭერს მხარს მათ "დამოუკიდებლობას", დე-ფაქტო ლიდერებს კი არჩევენებში გამარჯვებას ულოცავს. ერთ-ერთ გამოცემაზე დაყრდნობით მითების დეტექტორი წერს იმასაც, რომ 2012 წლის აპრილში არაბიანმა განაცხადა, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე გახდებოდა, მისი ორგანიზაცია "იძულებული გახდებოდა, მოსახლეობისთვის გამოყოფისკენ მოეწოდებინათ".

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები და აგასი არაბიანი მოსკოვში

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები და აგასი არაბიანი მოსკოვში

ფოტო: აგასი არაბიანი / Twitter

5 აპრილს არაბიანმა პატრიოტთა ალიანსის ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტერზე გააზიარა ერთ-ერთი რუსული ბლოგის ლინკი, რომელზეც წერია, რომ თარხან-მოურავმა პრესკონფერენცია გამართა. იანდექსის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ეს მასალა პროპაგანდისტული შინაარსისააა, ჰქვია "საქართველოს სურს აირიდოს კატასტროფა" და წერია, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყების შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც სურთ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები, "არა მხოლოდ იმედგაცრუებულნი იყვნენ, არამედ შეშინდნენ". ბლოგი სავსეა დეზინფორმაციით და იქვე თარხან მოურავის პრესკონფერენციაზე წერენ.

ფოტო: ფოტო პრესკონფერენციიდან

თუმცა, ამ წყაროს რომ არ დავეყრდნოთ, რუსულ პრესკლუბს, ია რეგნუმს ვიდეოც აქვს გავრცელებული. პრესკონფერენციის დასაწყისში მთავარი რედაქტორი, მოდესტ კოლეროვი, რომელიც პანელს უძღვება, ამბობს, რომ ხალხმა უნდა დააფასოს დავით თარხან-მოურავის "სიმამაცე", რადგან ის მოსკოვში ომის პერიოდში ჩავიდა. ინტერვიუ თითქმის საათნახევარი გრძელდება და თარხან-მოურავი მთელი ეს დრო პრორუსულ განცხადებებს აკეთებს.

ჯერ იმას ხსნის, რატომ არ დაუწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები რუსეთს — მისი აზრით, ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა. შემდეგ, ქართული ოცნების ნარატივის მსგავსად, ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და იმას, რომ "ექსპრეზიდენტი ცდილობს ქვეყანა ომში ჩაითრიოს". თარხან მოურავი ლუგარის ლაბორატორიაზე რუსული დეზინფორმაციის კამპანიაშიც ჩაერთო და არათუ უარყო, პირიქით, ხელი შეუწყო კოლეროვის მოსაზრების დამტკიცებას, თითქოს იქ ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ამტკიცებს იმასაც, თითქოს რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე საქართველოს გადარჩენის შანსი არ აქვს და ამ აზრსაც ანტიდასავლური განცხადებებით აძლიერებს. მისი თქმით, მოსაზრება, რომ მთლიანად დავშორდებით, სრულ იზოლირებას მოვახდენთ რუსეთისგან და ეს გარკვეულ უპირატესობას მოგვცემს, არასწორია.

"უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების დიდი, უზარმაზარი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა და ეს თავის კვალს ტოვებს. ამიტომ აუცილებელია დიალოგის გზის პოვნა, სწორი დიალოგის აგება, ერთმანეთის ინტერესების გაგება და ამ ინტერესების დასაკმაყოფილებლად თანამშრომლობის დაწყება. ასეთ ბაზაზე უნდა აშენდეს ეს ყველაფერი.

და ჩემი აზრით, საქართველოსთვის მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია... პირველი პოსტულატი მე უკვე ვთქვი — ჩვენ უნდა გადავრჩეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ თავის გადარჩენას", — ამბობს პრორუსი პოლიტიკოსი.

მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ალიანსის ვიზიტზე ინფორმაცია გავრცელდა, ირმა ინაშვილმა ფეისბუქზე დაპოსტა. მას თავი არ უმართლებია იმის გამო, რომ აგრესორ ქვეყანაში იყო, ვიზიტი საერთოდაც არ უხსენებია, მაგრამ მაინც სცადა, ეს საქციელი გაემართლებინა.

"გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც... და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც. და სწორედ ახლა უნდა ველაპარაკოთ, შოლცის და მაკრონის პარალელურად, რომ ომს და უბედურებას ავცდეთ" — წერს ის.

აქვე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ "ნეიტრალიტეტის მოთხოვნით" ინაშვილმა, სხვა პრორუსულ ჯგუფებთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს ღია წერილითაც მიმართა. მას შემდეგ მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე რამდენიმე პოსტი დაწერა, აქედან ერთ-ერთში ნეიტრალიტეტზე "დაგვიანებული" პოზიციის გამო უკრაინის პრეზიდენტის დასჯაზე საუბრობდა. ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინაში მომხდარ ტრაგედიებზე პასუხისმგებელ ქვეყანაში ჩავიდა, ბოლო პოსტში კიდევ ერთხელ თავს დაესხა უკრაინის ხელისუფლებას და მმართველი გუნდის ნარატივიც გაიზიარა.

"რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, მითუმეტეს ახლა, როცა უკრაინა ომშიაო — ეს ნაცმოძრაობის ბოროტი პროპაგანდაა. ნაცმოძრაობას ომში ჩვენი ჩათრევა სურს და ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს" — წერს ინაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერები მოსკოვში არიან და რუს პოლიტიკოსებს ხვდებიან. ისინი ნამყოფი არიან არამხოლოდ ოკუპანტ ქვეყანაში, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. პატრიოტთა ალიანსი ხშირად აჟღერებს პროკრემლისტურ ნარატივებს და თან ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს პრორუსული პარტია არ არის.