ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა თავისი ბრენდის, Skims-ის ახალი კამპანია და მისი სახეები წარადგინა. კამპანიას "ყველას ერგება" (Fits Everybody) ჰქვია და Skims-ის ქალის თეთრეულის ახალ ხაზს ეძღვნება. სახელიდან თუ ვიმსჯელებთ, კამპანიაში სხვადასხვა ზომისა და ფორმების ქალები უნდა გვეხილა, თუმცა ის Victoria's Secret-ის ყოფილმა მოდელებმა წარადგინეს.

კამპანიის სახეები ტაირა ბენქსი, ჰაიდი კლუმი, ქენდის სვეინპოლი და ალესანდრა ამბროსიო არიან. ოთხეულს ფოტოებში თავად კიმ კარდაშიანიც შეუერთდა.

საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა. ისინი კამპანიაში ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმებისა და ზომების ქალების გამოჩენას ელოდნენ:

"როგორ ერგება ყველას, როცა კამპანიის სახეები სუპერმოდელები არიან?"

"ერთხელ პლუს ზომის მოდელებიც გამოიყვანეთ"

"ცოტა დაბნეული ვარ, რადგან აქ წერია, რომ ყველას ერგება, თუმცა ფოტოზე ძალიან გამხდარი მოდელები არიან"

"ყველას ერგებაო, მაგრამ კამპანიის სახეები ძალიან გამხდარი მოდელები არიან. კი, ყველაფერი გასაგებია"

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კიმ კარდაშიანს არარეალური სილამაზის სტანდარტების გამო აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელებში კიმი გამომწერებმა ფოტოშოპის გამოყენებასა და საკუთარი ფორმების რადიკალურად შეცვლაში უკვე რამდენჯერმე გამოიჭირეს.