2022 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 22 536 ვიზიტი განახორციელეს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. მიმდინარე წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 20 876, ხოლო იანვარში 28 381 იყო. ბოლო მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მე-2 ადგილზეა.

ჯამში მიმდინარე წლის მარტში საქართველოში 188 354 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 237%-ით აღემატება, ხოლო 2020 წლის მონაცემს 10%-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე, 2019 წლის მარტში, უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 507 064 ვიზიტი განახორციელეს.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

  1. თურქეთი — 42 421 ვიზიტი;
  2. რუსეთი — 22 536 ვიზიტი;
  3. სომხეთი — 21 990 ვიზიტი;
  4. საქართველო (არარეზიდენტი) — 17 145 ვიზიტი;
  5. აზერბაიჯანი — 14 554 ვიზიტი;
  6. ისრაელი — 12 308 ვიზიტი;
  7. ირანი — 7 070 ვიზიტი;
  8. უკრაინა — 6 375 ვიზიტი;
  9. ყაზახეთი — 5 358 ვიზიტი;
  10. ბელორუსი — 5 260 ვიზიტი;
  11. საუდის არაბეთი — 3 360 ვიზიტი;
  12. ინდოეთი — 2 790 ვიზიტი;
  13. უზბეკეთი — 2 001 ვიზიტი;
  14. პოლონეთი — 1 770 ვიზიტი;
  15. ფილიპინები — 1 735 ვიზიტი.

ამჟამად საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თებერვლის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მეორე თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 105 218 484 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91 568 460 (670,8%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.