Pink Floyd-მა უკრაინის მხარდასაჭერად ახალი სიმღერა გამოუშვა, სახელად Hey Hey Rise Up. ეს ჯგუფისთვის პირველი ახალი მუსიკაა 1994 წლის შემდეგ და როგორც ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, სიმღერიდან მიღებული მთელი შემოსავალი უკრაინელების დასახმარებლად გადაირიცხება.

Pink Floyd-ის ახალ სიმღერაში უკრაინელი ანდრეი ხლიუვნიკის ხმა ისმის, რომელიც ჯგუფ Boombox-ის წევრია. სიმღერა, რომელსაც ანდრეი ასრულებს და Pink Floyd-მაც გამოიყენა, პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერილი უკრაინული საპროტესტო სიმღერაა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოპულარული გახდა და სოციალურ ქსელებსა თუ საპროტესტო აქციებზე ხშირად გაისმის.

დევიდ გილმორის თქმით, როცა ანდრეის მიერ შესრულებულ საპროტესტო სიმღერას მოუსმინა, ახალი მუსიკის შექმნის იდეაც სწორედ მაშინ გაუჩნდა. "ჩვენ გვინდა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ამ გზით ვაჩვენოთ, თუ რასაც ფიქრობს მსოფლიოს დიდი ნაწილი რუსეთის შეჭრაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც ცალსახად არასწორი ქმედებაა", — განაცხადა გილმორმა.

შეგახსენებთ, რომ Hey Hey Rise Up ჯგუფის პირველი სიმღერაა, რომელიც 28-წლიანი პაუზის შემდეგ შეიქმნა. 2014 წელს Pink Floyd-მა ალბომი The Endless River გამოუშვა, რომელიც ძირითადად ინსტრუმენტული იყო და 1994 წლის The Division Bell-ზე იყო დაფუძნებული.