ოკუპანტებმა დაბომბეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგური, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობდა. უკრაინა 24 დონეცკის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

"სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დონბასის მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობდა უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში. რაშისტებმა კარგად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ და რა სურდათ: უნდათ პანიკისა და შიშის დათესვა, უნდათ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად აყვანა", — წერს პოლიციის უფროსი.

როგორც BBC წერს, სადგურზე თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. CNN კი აღნიშნავს, რომ ქალაქი კრამატორსკი იყო რუსეთის სამიზნე, როდესაც ოკუპანტებმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყეს.