საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადას თავმჯდომარის მოწვევა მიიღო, თუმცა ამბობს, რომ რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს". პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ადამიანური და ისტორიული ვალია. ამტკიცებს, რომ ამ ვალს ყველა შემთხვევაში შეასრულებენ, "რაც უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები" ესმოდეთ პასუხად.

პაპუაშვილმა პოსტს დაურთო რუსლანსტეფანჩუკისთვის მიწერილი წერილი და ამბობს, რომ წუხს, რადგან ამ წერილზე მას არანაირი რეაქცია არ მიუღია.

"ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", — წერს პაპუაშვილი.

პაუაშვილმა პოსტში ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.

"საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ფართო რესურსები და შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც მეტი რესურსების მქონე ქვეყნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინული სახელმწიფოს მხარდასაჭერად", — წერს ის.

პაპუაშვილის ამ განცხადებამდე პარტია გირჩმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოლიდარობისა და სამძიმრის გამოსახატავად ჩასულიყვნენ უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში.

დღეს, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები.

ამავე თემაზე: