"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე პასუხობს უკრაინის რადას თავმჯდომარე კოლეგას საქართველოდან, რომელმაც ბუჩაში ჩასვლაზე უარი თქვა. რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ აფასებენ ნებისმიერ მხარდაჭერას, რომლის შესახებაც შალვა პაპუაშვილმა შეახსენა, მაგრამ ეუბნება მას, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს გულწრფელი.

"არასათანადოა — სწორედ ასე აღწერა შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩასა და ირპინში ჩამოსვლაზე. მას შეუძლებლად მიაჩნია უკრაინაში ჩამოსვლა მანამ, სანამ "უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო გვიწევს". ასეთინ ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს ხმა უკრაინის სასარგებლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა გაერო.

კოლეგა, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელიც მიიღეს სხვა ქვეყნებიდან ამ რთულ დროს. ყოველდღე ვითხოვთ სანქციების გაზრდას, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან და არის ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან მხოლოდ ცალკეულ საკითხებში", — წერს სტეფანჩუკი.

სტეფანჩუკი პაპუაშვილს ახსენებს, რომ ომის დროს უკრაინაც ეხმარებოდა საქართველოს. აქვე ის აცხადებს, რომ მხარდაჭერას არ ადარებს, რადგან ყველა, ვინც მხარდაჭერას გამოხატავს, მოქმედებს ისე, როგორც ამას გარემოებები, სინდისი და მოვალეობის გრძნობა კარნახობს.

"ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელები, შეუპოვრები და მამაცი მეომრები იყვნენ, რომელთაგან ბევრი დღეს ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვის და იცავს უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან. ზუსტად ისე, როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს, დაუდგნენ ქართველებს და იბრძოდნენ იგივე რუსეთის წინააღმდეგ, ვინც სცადა შეელახა თქვენი დამოუკიდებლობა, წაგართვათ ტერიტორიის ნაწილი და დახოცა თქვენი ხალხი.

მაშინ უკრაინა რუსეთთან თქვენი წინააღმდეგობის პირველივე დღეებიდან მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა.

მაგრამ, ჩვენ არ ვადარებთ მხარდაჭერის ზომებს. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს და ყველა, ვინც ასეთ დახმარებას გამოხატავს, მოქმედებს ისე, როგორც ამას გარემოებები, სინდისი და მოვალეობის გრძნობა კარნახობს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ პოლიტიკოსებს ხომ ყოველთვის ჩვენი ხალხი და ისტორია გვაფასებს", — აცხადებს ის.

დასასრულს სტეფანჩუკი მეგობრობის მნიშვნელობაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ სწორედ ამაზე წერდა შოთა რუსთაველი და მაგალითად მოჰყავს შემდეგი ციტატა: "ერთგული მეგობარი მეგობარს დაეხმარება, მას არ ეშინია უბედურების. გულს მისცემს გულს, სიყვარულს კი — ვარსკვლავი გზაში". სავარაუდოდ, ის გულისხმობს ვეფხისტყაოსნის შემდეგ მონაკვეთს: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული — გზად და ხიდად".

8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს". პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ადამიანური და ისტორიული ვალია. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ვალს ყველა შემთხვევაში შეასრულებენ, "რაც უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები" ესმოდეთ პასუხად.

ამავე თემაზე: