მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 2,5%-ით გაიზდება. აქამდე ზრის პროგნოზი 5,5% იყო.

ბანკის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო.

ანგარიშში წერია, რომ ომის დაწყების შემდეგ ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებასაც გამოიწვევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება რომ მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი. საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა, და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით", — ამბობს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.

მსოფლიო ბანკი წერს, რომ მიმდინარე ომმა გლობალური ეკონომიკური ვარდნის საფრთხე გაზარდა. ანგარიშის მიხედვით, ომით გამოწვეული ღრმა ჰუმანიტარული კრიზისი თავდაპირველი გლობალური შოკის გამოხატულებაა, რომელიც კონფლიქტის გრძელვადიანი ეფექტი იქნება.

მსოფლიო ბანკის პროგგნოზის მიხედვით, წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4,1%-ით, ომამდე პროგნოზირებული 3%-იანი ზრდის ნაცვლად. ამასთან, ბანკი წერს, რომ მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკა 45,1%-ით შემცირდება, ხოლო რუსეთში ეკონომიკის 11,2%-იანი ვარდნა დაფიქსირდება.