ქართული ოცნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძეს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში პარლამენტმა სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ერთი უმრავლესობის კვოტით, მეორე უმცირესობის, მესამეს კი ომბუდსმენი ასახლებს.

სახალხო დამცველის კანდიდატურა უკვე ცნობილია. ომბუდსმენი პარლამენტს ლაშა ტუღუშს წარუდგენს.

მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და ამტკიცებდა, რომ გადგომის მიზეზი არის ის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები დარჩეს. 2021 წლის 16 იანვარს მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობამდე ის ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობას მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.