რუსეთის მცდელობას, რომ საგარეო ვალი დოლარის ნაცვლად რუბლებში დაფაროს სარეიტინგო სააგენტო, S&P დეფოლტად აფასებს — ამის შესახებ CNN წერს.

როგორც ცნობილია, 4 აპრილს რუსეთმა სცადა, დოლარში დენომინირებული ორი ევრობონდი რუბლებში გადაეხადა. S&P-ის შეფასებით, სახეზეა ე.წ. შერჩევითი დეფოლტი.

CNN წერს, რომ 4 აპრილის შემდეგ ვალის გადასახდელად მოსკოვს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს. თუმცა, სააგენტოს ცნობით, S&P არ ელოდება იმას, რომ რუსეთი შეძლებს რუბლის დოლარში კონვერტაციას და ვალდებულებების დაფარვას.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთი სანქციების ალყაში მოექცა, რის შედეგადაც ქვეყანის, დაახლოებით, 315 მილიარდი დოლარის უცხოური რეზერვები გაიყინა. CNN წერს, რომ ბოლო ერთ საუკენეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთისთვის ეს სრული დეფოლტის პირველი შემთხვევა იქნება.

JPMorgan-ის შეფასებით, რუსეთს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სახით, დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს.