ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე ცალკე. მისი თქმით, თავიდანვე დაგეგმილი იყო უკრაინაში ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი.

"ჩვენ წავალთ ცალკე, ოპოზიცია თავიდან როგორც იყო. ხოლო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე. იყო გარკვეული შემოთავაზებები ქართული ოცნებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი შემოთავაზებები და ასეთი რაღაცნაირად ალოგიკური, როგორ ვთქვა, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყვანო, ვაჭრობასავით არ შეიძლება, უკრაინას დავუკავშიროთ. ჩვენ პოზიცია იყო ძალიან მყარი, ჩემი პოზიცია — თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზოტი ერთობლივად. ჩვენ წავალთ ერთად და ალბათ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე წავა, ასე ვთქვათ ცალკე", — ამბობს ის.

დღეს, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაიფიქრა და უკრაინაში წავა. მისი თქმით, თავად დააკომპლექტებს უკრაინაში ვიზიტისთვის ჯგუბს.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის მისაღები არაა "ომის პარტიასთან" ერთად ვიზიტი უკრაინაში. მისი თქმით, ახლა მოცემულობა შეცვლილია ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი.

მანამდე დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ უკრაინაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდეს, "უკანასკნელი აფერისტი" უნდა იყოს. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო და რჩება.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.