უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსული სამხედრო გემი "მოსკოვი", რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა "ნა ხ*ი" გაუშვეს, იძირება. ეს კოლოსალური სამხედრო მოვლენაა და მნიშვნელოვნად ამცირებს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო პოტენციალს. გარდა ამისა, არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთისთვის ეს ძლიერი გარტყმაა სახეში და ხომალდის სახელიც სიმბოლურია.

"რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, კრეისერმა "მოსკვამ" უკუსვლა მოახდინა იმ კუნძულის მიდამოებში, საიდანაც ის გაგაზავნეს ნა ხ*ი. გეშტალტი დახურულია.

სად არის მოსკოვი? "ის ჩაიძირა."

"მოსკოვის" ჩაძირვა არის კოლოსალური სამხედრო მოვლენა და რუსული ფლოტის ყველაზე დიდი მარცხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასევე ეს არის ყველაზე დიდი ხომალდის ჩაძირვა 1945 წლის შემდეგ" — წერს არესტოვიჩი და იმასაც გვამცნობს, რომ უკვე მეთხუთმეტედ დაბომბეს რუსული ბაზა ჩერნობაევკაში.

რუსული მხარე ჯერ გემის ჩაძირვას არ ადასტურებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სერიოზულად დაზიანებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიზეზებს ახლა ადგენენ. უკრაინაში კი ჯერ კიდევ გუშინ თქვეს, რომ მიზეზი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი გახდა, რომელიც რუსულ გემს მოხვდა.

"ხანძრის შედეგად კრეისერ მოსკოვზე აფეთქდა სარაკეტო მასალა. ხომალდი სერიოზულად დაზიანდა. ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა", — ამბობს რუსული უწყება.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივანის, სერგეი ბრატჩუკის განცხადებით, რუსული კრეისერი, სავარაუდოდ, ერთი წლით ქმედუუნარო იქნება. მანვე დააზუსტა, რომ ხომალდის დაზიანების მიზეზი რაკეტა გარპუნი გახდა.

როგორც უკრინფორმი წერს, შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმენკომ განმარტა, რომ კრეისერის დაბომბვით რუსეთს 16 საკრუიზო რაკეტით ნაკლები ექნება, რაც მნიშნველოვნად შეამცირებს ამ კუთხით უკრაინაზე თავდასხმის ინტენსივობას.

"შავ ზღვაში მყოფი რუსული გემების საკრუიზო რაკეტების საერთო რაოდენობა 72-დან 56-მდე შემცირდა", — აცხადებს ის.

აღსანიშნია ისიც, რომ უკრაინის შეიარღებულ ძალებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და მათ ყოველდღიურ მიმოხილვაში "მოსკოვზე" თავდასხმა ნახსენები არ არის. კრეისერის განადგურება არ ასახულა არც გენერალური შტაბის ყოველდღიურ მონაცემებში. ბოლო რამდენიმე დღეა დაზიანებული გემების რიცხვი არ შეცვლილა.

კრეისერის დაბომბვაზე ინფორმაცია გუშინ, 13 აპრილს გავრცელდა. უკრაინულ მედია წერდა, რომ იწვის რუსული სამხედრო გემი სახელად "მოსკოვი" — სწორედ ის, რომელსაც კუნზულ ზმეინის მცველებმა მიმართულება ომის დაწყებისთანავე მიუთითეს. BBC რუსული ბიურო განმარტავს, რომ მოსკოვი შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანია და ითვლება ყველაზე ძლიერ შეიარაღებად რუსულ ფლოტში.

გუშინ არესტოვიჩმა იხუმრა, რომ ხომალდი, სავარაუდოდ, არასწორ ადგილას მოწეული სიგარეტის ან უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო იწვის და ისევე არ გაუმართლა, როგორც ბელგოროდს. ამით მან მიანიშნა რუსეთში, ბელგოროდის ნავთობის ბაზაზე გაჩენილ ხანძარზე, რომლის მიზეზადაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმა დაასახელა.