უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. პარლამენტმა ამის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

პარლამენტმა ასევე მოუწოდა გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მთავრობებს და 8 უცხოურ პარლამენტს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე.

12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები "ძმები არიან".

მაკრონის ამ კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს განცხადება იმედგაცრუბას იწვევს. საგარეოს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის "ძმობის" მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ სწორია გენოციდი უწოდო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. მან პირდაპირ არ გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით კი, აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.