რუსეთში, ივანოვის ოლქში, რუსმა სამართალდამცავებმა აქტივისტი დმიტრი სალინი დააკავეს, რომელიც ქუჩაში იჯდა და გამვლელებს ჯორჯ ორუელის 1984-ს ურიგებდა. ამ ინფორმაციას პოლიტიკოსი სერგეი რიმსკი ტელეგრამის მეშვეობით ავრცელებს.

რუსი სამართალდამცავები სალინს რუსული არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ და სასამართლოში ბრალი უკვე წაუყენეს. იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტს ბრალი დაუმტკიცდება, მაშინ მას სასამართლო 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმებს, რაც დაახლოებით 600 დოლარია.

1984 ჯორჯ ორუელის მიერ 1949 წელს დაწერილი დისტოპიური რომანია, რომელშიც ტოტალიტარული სახელმწიფოს რეჟიმი და მექანიზმებია აღწერილი. დიქტატორული სახელმწიფო, რომელშიც წიგნის მთავარი მოქმედება ვითარდება, ადამიანებს რეპრესიების საშუალებით მართავს. აქტივისტი დმიტრი სალინი კი რუსეთის მოქალაქეებს სწორედ ამ შინაარსის რომანს უფასოდ ურიგებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს არმიის დისკრედიტაციის მუხლით ასამართლებენ, რომელიც ამჯერად დმიტრი სალინს წაუყენეს.