უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა განიხილა. მისი თქმით, კიევში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას მიესალმება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება. ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის მიმართ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე საქართველოს შესაძლო დახმარება უკრაინის აღდგენის პროცესში", — წერს ის.

სტეფანჩუკმა პაპუაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სოლიდარობის და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. ნაციონალურმა მოძრაობამ ვიზიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. მოწვევის შემდეგ პაპუაშვილი ამბობდა, რომ რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანდა.

"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა მაშინ უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.

13 აპრილს პაპუაშვილსა და სტეფანჩუკს ონლაინშეხვედრა ჰქონდათ. პარლამენტის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. იმავე დღეს რადას თავმჯდომარემ დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულა. მისი თქმით, უკრაინაში დეპუტატების ვიზიტი დაადასტურებს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.

15 აპრილს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობა შესაძლო პროვოკაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს უკვე მიეწოდათ. ვოლსკი ამბობს, რომ ინფორმაცია სუს-ს "საკმაოდ სარწმუნო წყაროსგან" აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.