პრორუს პოლიტიკოსს ვიქტორ მედვედჩუკს ლვოვის ლიჩაკოვის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია, UNIAN ავრცელებს.

"დღეს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებლის შუამდგომლობა, რომელიც დაამტკიცა გენერალურმა პროკურორმა და უკრაინის სახალხო დეპუტატს ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიებად დაკავების ფორმა შეურჩია", — აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, გაქცეული პრორუსი დეპუტატი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, მედვედჩუკს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვა, რათა შენიღბულიყო. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

უკრაინული მედიების ცნობით, პოლიტიკოსი ღალატშია ბრალდებული და რუსეთის შეჭრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, შემდეგ კი შინაპატიმრობიდან მედვედჩუკიც გაიქცა.