დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკა ამბობს, რომ აზოვსტალზე შეტევა დაიწყეს. მათი თქმით, შეიარაღებითა და არტილერიით რუსი საოკუპაციო ძალები ეხმარებიან. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია TASS ავრცელებს.

გამოცემა თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ძალები მარიუპოლის ამ ნაწილში არიან ბლოკირებულები, ხოლო ქალაქის დანარჩენი ნაწილი სრულიად "გაწმინდეს". თავდაცვის მინისტრის სპიკერის მტკიცებით, მარიუპოლის "ფსევდო მცველები მალე დანებდებიან".

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას. მათი მტკიცებით, არ მოკლავენ არავის, ვინც ტყვედ ჩაბარდება.

ოკუპანტების გეგმით, დანებების შემთხვევაში, მოსკოვის დროით 13:00 საათიდან უნდა დამყარდეს უწყვეტი კომუნიკაცია მათსა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის, ნახევარ საათში კი ორივე მხარემ "დუმილის რეჟიმი" უნდა გამოაცხადოს, რაც დროშების აწევით გამოიხატება — რუსეთმა წითელი დროშა უნდა ასწიოს, უკრაინამ თეთრი. 14-დან 16 საათის შუალედში კი ყველა მებრძოლი ტერიტორიიდან იარაღის გარეშე უნდა გავიდეს.

რუსეთის თავდაცვა მარიუპოლის მცველებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ კიევის ხელისუფლების ბრძანებას, რომელიც მათ დანებებას არ ურჩევს და "თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილება".

მხოლოდ აპრილში რუსეთის მხრიდან მარიუპოლის მცველებისთვის დანებების შესახებ ეს უკვე მესამე მოწოდებაა. ოკუპენტებმა იგივე გააჟღერეს 4 და 17 აპრილს, თუმცა ორივე შემთხვევაში მარიუპოლის სამხედროებმა უარის განუცხადეს და ქალაქის დაცვა გააგრძელეს.

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, მიწისქვეშა თავშესაფარში 1 000 მშვიდობიანი მოქალაქეა, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკა აზოვსტალის ქარხანაში მოქალაქეების ყოფნას უარყოფს.

დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები აზოვსტალსა და მიმდებარედ დასახლებულ სექტორს უტევენ. მისი თქმით, ისინი ტერიტორიას ბომბავენ და იყენებენ მძიმე არტილერიას. როგორც პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რუსეთის ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში