უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთს აზოვსტალის შტურმით აღების ეშინია, მაგრამ ხელს უშლის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მისი თქმით, ამას გამიზნულად აკეთებს. დღეს, 22 აპრილს მარიუპოლიდან არსებული საფრთხის გამო, საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება.

ვერეშჩუკის თქმით, რუსეთი უკრაინას ერთ დერეფანს სთავაზობს, სადაც სამხედროები ჩაბარდებიან. მაგრამ, მან აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველები დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ.

"რუსეთს ეშინია აზოვსტალის შტურმით აღება, მაგრამ ამავე დროს, ისინი შეგნებულად და ცინიკურად ბლოკავენ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას, რითაც ცდილობენ, დამატებით ზეწოლას მოახდინონ ჩვენს სამხედროებზე.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველანაირი ძალისხმევა, რათა აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის", — ამბობს ის.

მხოლოდ გუშინ, 21 დეკემბერს გამოვიდა 4 საევაკუაციო ავტობუსი მარიუპოლის ტერიტორიიდან.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში მყოფი სამხედროები დანებებას არ აპირებენ. მისი თქმით, ისინი მზად არიან დატოვონ ტერიტორია, მხოლოდ იარაღით ხელში.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალები აბრკოლებენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, კლავენ, აუპატიურებენ და იტაცებენ მოქალაქეებს.

19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ რუსებთან ერთად დაიწყეს შეტევა აზოვსტალზე, სადაც ქალაქის მცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ, აპრილში უკვე მესამედ სთავაზობდნენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას და ქალაქის ჩაბარებას. მათ მესამედაც უარი მიიღეს.

20 აპრილს აზოვმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევაკუაციაში დაეხმარონ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან, ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაციის საკითხი განიხილონ. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო ტყვეები მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის გაცვალოს.

21 აპრილს სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა დარჩათ, რისთვისაც 3-4 დღე სჭირდებათ. პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა და ბლოკადის გაგრძელება უბრძანა.

პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა მარიუპოლის მერის მრჩეველი და განაცხადა, რომ ეს ბლოკადაში მყოფი ხალხისთვის არაფერს ცვლის.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში