ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტის თანაპარტიელს, დავით არახამიას და აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ, საზოგადოება მასზე "უფრო მეტს" გაიგებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გაიგებს საზოგადოება, კობახიძე პასუხობს, რომ "ცუდ რაღაცებს".

"გავრცელდა კიდევ ერთი, გაუგებარი ჩანაწერი — ავთენტურია თუ არაავთენტური, არ ვიცით, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა — იმავე დღეს, რამდენიმე საათში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში და თან, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს, ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს, ამ შემთხვევაში, არახამიასა და თბილისს, ამ შემთხვევაშიც, არახამიას შორის.

შესაბამისად, საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა, უფრო სწორად, მე მგონია, ომი რომ დასრულდება, არახამიაზე კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება არახამიასთან დაკავშირებით. ცუდ რაღაცებს, ცუდ რაღაცებს. დღეს არ არის ამის დროს, დღეს არის უკრაინა ომის მდგომარეობაში, არახამია იკავებს კვლავაც მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში, შესაბამისად, დღეს არ არის დრო, ამაში ღრმად შევიდეთ, მაგრამ ის, თუ ვინ არის არახამია, რა კავშირი აქვს მას ნაცმოძრაობასთან, ამაზე საზოგადოებამ უკვე მიიღო სათანადო ინფორმაცია", — განაცხადა მან.

კობახიძის კრიტიკის ობიექტი არახამია 2 მარტსაც გახდა. მან ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილ პირს ენმ-სთან კავშირებში დასდო ბრალი და თქვა, რომ უკრაინა მათთვის "არახამია არ არის". დავით არახამია არაერთხელ გახდა ქართული პროსახელისუფლებო და პრორუსი ტროლების თავდასხმის სამიზნე. განსაკუთრებით ახლა, როცა სავარაუდოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.