მარსზე მიწისძვრებს მეცნიერები კოსმოსურ აპარატ InSight-ის მეშვეობით 2019 წლიდან აკვირდებიან, რასაც მასზე დამონტაჟებული სეისმომეტრით ახერხებენ. ხელსაწყოს მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზისას სპეციალისტებმა ახლახან რეკორდულად მძლავრი სეისმური აქტიურობა გამოავლინეს.

მათ ჯამში 2 ასეთი მოვლენა დააფიქსირეს. პირველი მიწისძვრა S0976a-ს სახელითაა ცნობილი და ის 4.2 მაგნიტუდის გახლდათ, ხოლო მეორე, S1000a, 4.1 მაგნიტუდის იყო. მათ შორის ინტერვალი 24 დღეს შეადგენდა და თითოეული სიმძლავრით ადრინდელ მიწისძვრებს 5-ჯერ აღემატებოდა.

საინტერესოა მათი ეპიცენტრიც, რადგან ის წითელი პლანეტის ე.წ. ბნელ ზონაში მდებარეობს, ანუ ციურ სხეულზე InSight-ის ადგილსამყოფლის მოპირდაპირე მხარეს. ასეთ შორ დისტანციაზე მას მსგავსი აქტიურობა აქამდე არ შეუნიშნავს.

ფოტო: The Seismic Record

აღსანიშნავია, რომ S1000a-ს დროს გამოყოფილი ენერგიის სპექტრიცა და ხანგრძლივობაც განსაკუთრებული იყო, რადგან ის 94 წუთს გაგრძელდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ზემოხსენებული მოვლენები აპარატმა სეისმური ტალღების დახმარებით ამოიცნო. S1000a-ს შემთხვევაში, ამ ტალღებმა მარსის ქერქში გაიარა, ზედაპირთან ახლოს, S0976a-სამ კი — დაახლოებით 50 კილომეტრ სიღრმეზე. მარინერის კანიონთა უზარმაზარი სისტემის მიმდებარედ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Seismic Record გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.