კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანი განცხადებით, რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვის წარმომადგენელი, ალი უზდენოვი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ შეხვედრია. მისი თქმით, ის ღარიბაშვილმა ბიზნესწრეებთან გადაამისამართა.

"ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა და შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ გადამისამართებულიყო ბიზნესმენი ბიზნეს წრეებთან", — ამბობს წულუკიანი.

ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში, რუსმა ოლიგარქმა, ვლადიმირ ევტუშენკოვმა კი დაადასტურა, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.

გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".