ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ახლა გაზს იღებენ ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან. ლაიენის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტა კიდევ ერთი პროვოკაციაა კრემლისგან.

"ეს არის ის, რისთვისაც ევროკომისია ემზადებოდა წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და სოლიდარობით. ჩვენი პასუხი იქნება მყისიერი, ერთიანი და კოორდინირებული. პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ ევროპელ მომხმარებლებზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინოს.

დღეს, წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფს შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა გაგვაცნეს სიტუაცია. როგორც პოლონეთი, ასევე ბულგარეთი ახლა იღებენ გაზს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან", — თქვა ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა სანდო ენერგეტიკული პარტნიორების აუცილებლობას.

რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა. ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მათ მიიღეს ცნობა, რომ მიწოდება 27 აპრილს შეუჩერდებათ.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ "არამეგობრულმა ქვეყნებმა" გაზის საფასურის გადახდა რუბლში უნდა დაიწყონ, რაზეც ბულგარეთმა და პოლონეთმა უარი თქვეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი რუსეთის საბოლოო მიზანი დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა.