კანადის პარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირეს. როგორც Reuters წერს, საკანონმდებლო ორგანოს წევრთა განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა დადასტურდეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასიური ომის დანაშაულია.

რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკვე აღიარეს ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა. ლატვიის პარლამენტმა ასევე მიიღო შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეიკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები "ძმები არიან".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაკრონის მიდგომა იმედგაცრუებას იწვევს. საგარეოს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის "ძმობის" მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ სწორია გენოციდი უწოდო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. მან პირდაპირ არ გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით კი, აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.