საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 39 926 ადამიანით შემცირდა. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ერთი წლის წინ — 3 728 573 ადამიანი. შესაბამისად, ბოლო ერთ წელში საქართველოს მოსახლეობა 1,1%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966). ბენებრივი მატება დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობას, ხოლო მიგრაციული სალდო ემიგრანტებისა და იმიგრანტებს შორის სხვაობას აღნიშნავს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59,7% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისში მცხოვრები ადამიანების რიცხვი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი — 1,2 მილიონი ადამიანი;
  • იმერეთი — 466,6 ათასი ადამიანი;
  • ქვემო ქართლი — 434,5 ათასი ადამიანი;
  • აჭარის ა.რ — 355,5 ათასი ადამიანი;
  • კახეთი — 304,9 ათასი ადამიანი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 301,2 ათასი ადამიანი;
  • შიდა ქართლი — 250,5 ათასი ადამიანი;
  • სამცხე-ჯავახეთი — 148,3 ათასი ადამიანი;
  • გურია — 105,3 ათასი ადამიანი;
  • მცხეთა-მთიანეთი — 92,4 ათასი ადამიანი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 27,6 ათასი ადამიანი.

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% ქალი იყო. საქსტატის ანგარიშში წერია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც, უწყების ინფორმაციით, გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 ერთეულით შემცირდა და 71,4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის — 67,5 წელი, ხოლო ქალებისათვის — 75,4 წელი.

2021 წელს ემიგრანტების რიცხვმა 99 974-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 34,6%-ით არის გაზრდილი. იმიგრანტების რაოდენობა კი 17,8%-ით გაიზარდა და 74 008 ადამიანი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82,5% და ემიგრანტების 88,6% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.