გასული წელი ენდრიუ გარფილდისთვის საკმაოდ დატვირთული იყო: მსახიობმა The Eyes of Tammy Faye-ში ითამაშა, Tick, Tick ... Boom!-ში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაცია მიიღო, მისი მონაწილეობით სერიალი Under the Banner of Heaven-იც გამოვიდა. რაც მთავარია, ენდრიუმ Spider-Man: No Way Home-ში სპაიდერმენის როლის შესრულებითაც გაგვახარა. ასეთი წელის შემდეგ, გასაკვირი სულაც არაა, რომ მსახიობს კარგი დასვენება სჭირდება.

ენდრიუ გარფილდმა გამოცემა People-ს განუცხადა, რომ დროებით მსახიობობას თავს ანებებს და დასვენებას აპირებს, რაც ძალიან ახარებს.

"ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩუმად და მშვიდად ყოფნის საშუალება მექნება. ვგრძნობ, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის ძალისხმევისა და ენერგიის დახარჯვის შემდეგ ყველაფერი უნდა შევივსო, რათა გულწრფელად გავაგრძელო გზა და არა — ვალდებულების გამო", — ამბობს მსახიობი.

ენდრიუ გარფილდმა სამაგალითო ადამიანებად ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი და მუსიკოსი კენდრიკ ლამარი დაასახელა. მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებმა შთააგონეს, რომ საყვარელი საქმიანობისგან პაუზა აეღო და მიმხვდარიყო, რომ დასვენება მნიშვნელოვანია.

ენდრიუმ ისიც აღნიშნა, რომ დასვენების შესაძლებლობა პრივილეგიაა და ამის გამო მადლიერია. თავისუფალ დროს კი ეცდება, სამოგზაუროდ წავიდეს, მეგობრები ნახოს, მუსიკას მოუსმინოს და ფილმებს უყუროს.

"იმედი მაქვს, დასასვენებლად წავალ. ახლა თვითმფრინავში ასვლაც კი ძალიან რთულად მეჩვენება. უბრალოდ მინდა, დავწვე და ვიფიქრო და არც ვიფიქრო, ვუყურო სხვების ნამუშევრებს, ვუსმინო მუსიკას, ვჭამო ბურგერები მეგობრებთან ერთად და უბრალოდ ადამიანი ვიყო", — ამბობს ენდრიუ.